четверг, января 28, 2010

ბავშვური ფიქრები – ჩარლის ანგელოზები ვიქნებით! :)









ამას წინათ, დილის 8 საათზე სამსახურში მიმავალს, ნახევრადმძინარე მდგომარეობაში ერთი პოსტის დაწერის იდეა დამებადა. სხვადასხვა ბლოგზე ძალიან ხშირად წამიკითხავს პოსტები “ძველი დღიურების” შესახებ. 14 წლიდან ვწერდი პირად დღიურებს. დღეს რომ ვკითხულობ, სხვების მსგავსად სიცილით ვიგუდები, მაგრამ დღევანდელ პოსტში არ ვაპირებ ჩემი პირადი დღიურების შესახებ გიამბოთ. ეს ცოტა განსხვავებულ დღიურს ეხება.

სკოლაში სამი განუყრელი დაქალოჩკა ვიყავით მე, ეკა და გუკა. სამივე განსხვავებული ტიპაჟები ვართ, მაგრამ მეგობრობა დღემდე მშვენივრად გამოგვდის (ალბათ სწორედ ამ განსხვავებულობის გამო). ბავშვობა ჩვეულებრივად გავატარეთ, გვქონდა ისეთი თვისებები, როგორიც ამა თუ იმ ასაკისთვისაა დამახასიათებელი და ისეთი ოცნებები, ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც რომ ნაცნობია. ჰოდა, ასეთი ერთ-ერთი საერთო ოცნების შესახებ მინდა მოგიყვეთ.

ჩვენს ბავშურ ოცნებებსა და ფიქრებში ერთ-ერთი ის იყო, რომ ჩვენს თავებს “ჩარლის ანგელოზებს” (ცოტაღა გვაკლდა :D ) ვუწოდებდით, ოღონდ ჩარლი არ გვყავდა და ვინ იყო, არც ის ვიცოდით.

ერთხელ გუკამ იყიდა ძალიან ლამაზი ბლოკნოტი. იმის გამო, რომ თვითონ საშინლად არ უყვარდა წერა, მაგრამ უყვარდა ლექსების კითხვა, მე მომცა (როგორც იქიდანვე ცნობილ წერომანს: ბავშვობიდან ვგიჟდებოდი წერის პროცესზე, შემეძლო მთელი დღე მეწერა გაუჩერებლად). მთხოვა: ლექსები ჩამიწერე და რითაც გინდა იმით გამივსეო. წამოვიღე სახლში და დამებადა ერთი იდეა: გამეკეთებინა საერთო დღიური, რომელშიც დავწერდით სამივე დაქალი. გოგოებსაც მოეწონათ ეს აზრი და გავაკეთეთ.

დღიურის გარეკანი



დღიურის პირველი გვერდი, რომელზეც თარგმნილია ბლოკნოტის ინგლისური წარწერა ლიზა ჯეინისაგან (ამ ბლოკნოტების მწარმოებელი კომპანიის მფლობელია მგონი)


დღიურის წერის წესები და პირობები მქონდა შემუშავებული: რიგრიგობით უნდა დაგვეწერა, აუცილებელი იყო თარიღი და ბოლოში ხელმოწერა. მერე ფოტოებსაც ვაკრავდით, ლექსებსაც ვწერდით, ვხატავდით კიდეც შეძლებისდაგვარად.

ჩემი შედევრ-წინასიტყვაობა :D


ამის პარალელურად, პირადი დღიურები და ლექსების რვეულებიც უამრავი გვქონდა. ვოცნებობდით, რომ გავიზრებოდით, გვქონოდა ერთი საერთო, პატარა სახლი, სადაც შევინახავდით ამ ჩვენს ბავშვობის ჩანაწერებს, ოღონდ ამ ბინის არსებობა ჩვენს ქმრებს არ უნდა სცოდნოდათ. :D ხანდახან ჩუმად შევიკრიბებოდით ჩვენს საერთო სახლში, წავიკითხავდით ძველ ჩანაწერებს და მოგონებებით ვიხალისებდით, მერე ჩვენს შვილებსაც ვანახებდით….

თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი წელი ვწერდით. მერე ეკუშკები ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და მე და გუკამ “ჩარლის ანგელოზების დღიური” (ასე ვეძახდით) სამახსოვროდ მას გავატანეთ. მერე ეკამ სხვა ახალი ბლოკნოტი გამოგვიგზავნა: წერა გააგრძელეთ მანდო, მაგრამ უკვე ცოტა მოზრდილები ვიყავით, თანაც “ტრიო” დაიშლილი იყო, გუკას წერა ეზარებოდა და სულ რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთეთ, მეტი ვერ გავქაჩეთ.

ამ შემოდგომით ეკუშკები იყო ჩამოსული საქართველოში. გავიხსენეთ წარსული და ჩვენი საერთო ბინის ქონის ოცნება. პოტენციურ მეორე ნახევრებსაც გავუზიარეთ და “შევუგდეთ” : არ გინდათ, თქვენს მომავალ ცოლუკებს ბავშვობის ოცნება აუხდინოთო. მაგრამ მათი ღიმილიანი სახით თუ ვიმსჯელებთ, ერთი და იგივე აზრი უტირალებდათ თავში: “ვაი, თქვენს პატრონს!” :D აშკარად არ მოიხიბლნენ ბინისთვის “ობშიაკის” აგროვების იდეით. :D

თუმცა, ცხოვრება ჯერ წინაა. ხანდახან სასწაულებიც ხდება და ოცნებებიც. ჰოდა, რა იცით, იქნებ ერთ დღესაც ახდეს ბავშვური ფიქრები და ერთ, პატარა, ლამაზ და ვარდისფერ სახლში ჩვენ სამნი ისევ გავხდეთ ხოლმე “ჩარლის ანგელოზები”

ჩვენ :)


პ.ს. ფოტოების მოწოდებისთვის დიდი მადლობა ეკუშკებს. მენატრები ბეკეკო :*

2 კომენტარი:

Toma комментирует...

:D დღიურები მაგარია.
მეც ვწერდი მაგრამ მერე არასდროს ვკითხულობდი.
ბოლოს კი ყველა დავხიე და სანაგვეზე გადავუშვი.

nastasia комментирует...

აუ, აი, ზუსტად ეგეთი ოღონდ 4 გოგოს დღიური გვქონდა ადრე სკოლაში და პიკოლო ერქვა, იტალიური სიტყვაა, ქართულად პატარა. ახლა აღარც ის ვიცი, ის ადამიანები სად არიან, ვისთან ერთადაც ვწერდი, და არც ის, პიკოლო სად განისვენებს :(
დღიურებს სულ ვწერდი და არასდროს აღარ ვკითხულობდი, მაგიტომაც შევწყვიტე და ბლოგის წერა დავიწყე. ამასაც იშვიათად ვკითხულობ მერე, მარა ბლოგს სხვები მაინც წაიკითხავენ და თან სულ მეცოდინება, სად არი :)