No smoking-შეიბრალეთ ჩემი ყბა!




დღეს რუსულ საიტებზე “ექო-რუ”-სთვის (www.eqo-ru.blogspot.com) სტატიების ძებნისას ერთ საინტერესო ინფორმაციას გადავაწყდი. თურმე – “Сегодня во всем мире отмечается День без табака.”
ეს დღე 1988 წლიდან მოყოლებული (ზუსტად ჩემი ტოლია :) ) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით აღინიშნება. გადავწყვიტე ამასთან დაკავშირებით პატარა პოსტი მეც დამეწერა.

არ დავიწყებ საუბრს იმის შესახებ, თუ როგორი მავნებელია სიგარეტი თქვენი ჯანმრთელობისათვის, როგორ გიყვითლებთ კბილებს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ა.შ. უბრალოდ ჩემს “ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე” მოგიყვებით 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის სიგარეტის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

თამბაქოსთან მიმართებაში ერთი იმ წარწერაზე ვხალისობ ხოლმე, კოლოფებს რომ აქვთ ბოლოში (მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის და ბლია, ბლია, ბლია... დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათად წაკითხული წარწერაა მსოფლიოში)

და მეორე კიდევ, მაღაზიებში სიგარეტის სექციასთან გაკრულ აბრაზე: “18 წლამდე ახალგაზრდებისათვის აკრძალულია.” ნეტავ რამდენი მაღაზია იქცევა ამ წარწერის შინაარსის მიხედვით? უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არა.

ასეთ “დევიზგაკრული” მაღაზიის ყოველდღიური სტუმარია ჩემი ნათესავი, 10 წლის ბიჭი, რომელსაც მართალია მშობელი გზავნის სიგარეტის საყიდლად, მაგრამ გამყიდველმა ეს არ იცის. ის, რა თქმა უნდა, ყოველგვარი ზედმეტი “დაკითხვის” გარეშე არღვევს კანონს და ბავშვს მოთხოვნილ პროდუქტს აძლევს. მაგრამ, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ზოგიერთ მაღაზიაში აშკარად გადამეტებულად იცავენ (?) დევიზს. ამას წინათ ჩემს მეგობარს , სიგარეტის ყიდვისას დაუსვეს კითხვა: “18 წლის ხართ?” შედეგი: ჩვენმა გულიანმა სიცილმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის როლი შეასრულა.

აშკარაა, რომ კანონი, 18 წლამდე ასაკის ადამიანებისათვის სიგარეტის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით მხოლოდ ფურცელზე დაწერილ აკრძალვად რჩება და არავინ არაა დაინტერესებული მისი შესრულება-შეუსრულებლობის გადამოწმებითა თუ დამსჯელი ღონისძიებების გატარებით. იმაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, რაიმე სხვა სახის კამპანია რომ არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში სიგარეტის წინააღმდეგ საბრძოლველად. რა ეშველებათ მერე ამ ბიზნესის ხარჯზე მცხოვრებ ბევრ ჩინოვნიკსა თუ ბიზნესმენს?!

რეალობა ერთია: მე დღითი დღე უფრო და უფრო მეტად მრჩება პირი ღია, როცა ქუჩაში ძმაკაც-დაქალებთან მოსეირნე 5-დან 18 წლამდე გოგო-ბიჭებს ვხედავ სიგარეტით ხელში.

პ.ს. ბატონო ხელისუფალნო, იქნებ შეიბრალოთ ჩემი საწყალი ყბა და რაიმე მოიმოქმედოთ იმისათვის, რომ ისევ არ დამრჩეს ღია შემგდომი ასეთი სცენის ხილვისას. პატივისცემით: თქვნი ერთ-ერთი იძულებით პასიური მწეველი მოქალაქე. :(



და ბოლოს, უკომენტაროდ!











ქართულ ბლოგოსფეროში სიახლეა!!!




შეიქმნა ახალი, საინტერესო და განსხვავებული ფორმატის ბლოგი www.eqo-ru.blogspot.com რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც გახლავართ.
ბლოგი შემდეგ საქმიანობას ეწევა: მასზე იდება რუსულ მედიაში გამოქვეყნებული საინტერესო და სკანდალური სტატიების ქართულად ნათარგმნი ვერსიები. თემატიკა შეუზღუდავია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება საქართველოზე დაწერილ პუბლიკაციებს, კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ სტატიებს და ა.შ. ბლოგი ყოველდღიურად ახლდება და მინიმუმ ერთი ახალი სტატია მაინც იდება მასზე. მე და ჩემი პარტნიორი, ვიქტორია ბუკია, ვფიქრობთ, რომ ექო-რუ”-ს დახმარებით ბევრ ადამიანს გაუმარტივდება უცხოური მედიისთვის თვალის დევნება. რადგანაც ინგლისური პუბლიკაციების თარგმანების ბლოგი უკვე არსებობს, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსული სტატიებიც გვეთარგმნა.
შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა იფიქროს, რომ რუსული მედია დეზინფორმატორია და შესაბამისად, მისი პუბლიკაციებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. გეთანხმებით, რომ რუსული მედია ხელისუფლების გალენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ თუნდაც იმ დეზინფორმაციას, რომლსაც ჩვენზე, კონფლიქტის ზონებზე ავრცელებენ. გარდა ამისა, ჩვენ (ბლოგის ავტორებმა, მე და ვიკამ) იმაზეც ვიზრუნეთ, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან აგვეცილებინა დეზინფორმაციის გავრცელება. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ვთხოვეთ გაეგოთ იმ ინტერნეტ-გამოცემების (ონლაინურიც და ოფლაინურიც) მისამართები და იმ ჟურნალისტების სახელი და გვარები, რომლებიც ერთგვარი ავტორიტეტით სარგებლობენ რუსეთში და ხელისუფლების ცენზურას არ ემორჩილებიან. ასე რომ, ექო-რუზე თქვენ სწორედ ასეთი ჟურნალისტების ანალიტიკური სტატიების ქართული თარგმანის ნახვა შეგეძლებათ.
გარანტიას გაძლევთ, რომ თარგმანი ზუსტია და ჩვენს მიერ არ კორექტირდება (სტატიებს დასაწყისში აწერია კიდეც, რომ სტილი დაცულია. ამასთანავე, მითითებულია ის ინტერნეტმისამართიც, რომელზედაც სტატიის რუსული ვერსიაა განთავსებული, ასე რომ შეგიძლიათ თავადაც გადაამოწოთ ჩვენი სანდროობა:) ).
იმედია დაინტერესდებით ბლოგოსფეროს ამ სიახლით და ჩვენი მუდმივი მკითხველი გახდებით. დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შენიშვნებს და რჩევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი იმასთნ დაკაშირებით, თუ რა თემატიკის პუბლიკაციების წაკითხვის სურვილი გაქვთ და რომელი რუსული მედიაგამოცემაა თქვენთვის ასე თუ ისე სანდრო წყარო. ასე რომ, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ! :)

...



გიო ბებოსთან იზრდებოდა. მამა ბუნდოვნად ახსოვდა, თუმცა ცდილობდა არც ხსომებოდა, რადგან როგორც ბებო ეუბნებოდა, სწორედ ნაძირალა მამამისის ბრალი იყო, დედის უცხოეთში გადახვეწა.
ყურადღება სულაც არ აკლდა: ბებია თავზე დაფოფინებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. დედაც ბევრ ტანსაცმელს და სათამაშოს უგზავნიდა. 13 წლის რომ გახდა მობილური ტელეფონიც უყიდეს, თანაც მესამე თაობის!!! თანატოლები შენატროდნენ და გიოც სიამაყით ივსებოდა.
ბებო ყოველდღე აძლევდა ფულს, გიო კი გაკვეთილების ნაცვლად ინტერნეტკაფეში მიდიოდა და “ქაუნთერს” თამაშობდა. თამაშის წესების მიხედვით, რაც უფრო მეტ მოწინააღმდეგეს მოკლავდა, მით უფრო მეტ ქულას დააგროვებდა და მოიგებდა. მერე კომპიუტერიც უყიდეს და აქამდე თუ ხანდახან მაინც სწალობდა რამეს, ახლა ღამეებს ათენებდა თამაშის გამო.
ფიქრობდა, რომ ბედნიერი იყო. რაც მოუნდებოდა ყველაფერი ჰქონდა. მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. თავისმა თანატოლმა ნიკუშამ, აღფრთოვანებულმა უამბო, შაბათ-კვირას მე და მამა სათევზაოდ დავდივართ და ჩემი დაჭერილი თევზი დედასთან მიმაქვს ხოლმეო. მერე იმ სცენასაც შეესწრო ნიკუშას დედამისი რომ ეფერებოდა და მიხვდა: მას კიდევ რაღაც სჭირდებოდა, ის რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო და რასაც მარტო ბებია ვერ მისცემდა. მოიწყინა, გულჩათხრობილი გახდა.
მერე ვიღაცამ სკოლაში რაღაც წიგნები მოიტანა, გიოს თანატოლები აღფრთოვანებულები ყვებოდნენ შინაარსს და თვითონაც დაინტერესდა. ნაწარმოების სამივე ნაწილი სულ რაღაც ერთ თვეში წაიკითხა და ამის მერე მისი ცხოვრებაც შეიცვალა წიგნის მთავარი გმირი მისი იდეალი გახდა. ოცნებობდა მას დამსგავსებოდა და მასავით ეცხოვრა. დაბადების დღეზე ფული რომ აჩუქეს, წავიდა და დანა იყიდა. ახლა უკვე მობილურის ნაცვლად ამ ახალი შენაძენით იწონებდა თავს. თანატოლებში “მაყურებლის” როლი მოირგო და “საქმეების” გარჩევაც დაიწყო.
ბებო კვლავ ძველებურად ამაყობდა თავისი შვილიშვილით, თუმცა ამჩნევდა, რომ საყვარელი პატარა გიო ახლა უხეში და აგრესიული გახდა. ერთ დღეს კი ბებოს თავზე ცა ჩამოექცა: მისმა საყვარელმა შილიშვილმა “საქმის გარჩევისას” თავისი თანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა! გიომ გაქცევა ვერ მოახერხა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ამ დროს კი, როგორც გიოს ბებო ამბობდა, არაკაცი მამამისის გამო უცხოეთში გადახვეწილი დედა შვილისთვის გამოსაგზავნ ამანათს კრავდა და თვალცრემლიანი იმ დღეზე ოცნებობდა, როცა მშობლის სიყვარულს მოკლებულ შვილს გულში ჩაიკრავდა.

უცხო სამოთხე




ათ წუთში ავტობუსი გავა. იცის, რომ გული ძალიან ეტკინება. დარჩენილი დროც ნერვებს უშლის, ფიქრები ტანჯავს.… ვინ უნდა დაადანაშაულოს, ისიც არ იცის. ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა და სხვა გზა აღარ დარჩა. როცა სამსახურის ძებნის შემდეგ შინ ხელმოცარული დაბრუნდები, თვალებანთებული პატარები შეგეკითხებიან: დედა “კაკი” მოგვიტანეო, მაგდაზე კი კომუნალური გადასახადების ქვითრები დაგხვდება გულისგასახეთქი ციფრებით, მერე უკვე ამ ჯოჯოხეთიდან გაქცევაზეღა ფიქრობ.
ვითომ იქ სამოთხეა?! ჰმ, არ უნდოდა ბატონო უცხო სამოთხე, თავის პატარა საქართველოც ყოფნიდა. მაგრამ ბავშვებს რა უყოს?!
წავა, 3-4 წელში ვალებს გაისტუმრებს, ცოტა ფულს დააგროვებს და ჩამოვა!...
“ღმერთო, 3-4 წელიწადში?!”
ავტობუსი ადგილიდან დაიძრა… აღარ უნდა ფიქრი! ცრემლები ახრჩობს და… უკვე მთელი არსებით ეზიზღება უცხო სამოთხე…

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი

ამ თემაზე საკმაოდ საინტერესო და იუმორისტული ფოტოები ვიპოვე ინტერნეტში. შეგიძლიათ თქვენც დაათვალიეროთ და იხალისოთ :)






















ერთი საათი სამარშუტო ტაქსიში




წინასიტყვაობა:
ის, რასაც ახლა ამ პუბლიკაციაში განვათავსებ, 2 წლის წინ არის დაწერილი. მაგრამ თავისი შინაარსიდან გამომდინარე აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს. ეს ჩვენი ყოფითი ცხოვრების ჩვეულებრივი საღამოს რეპორტაჟია სამარშუტო ტაქსიდან.



ამას წინათ, საღამოს 6-7 საათი იქნებოდა, სამარშუტო ტაქსით თბილისის ერთი ბოლოდან მეორში გასვლა რომ მომიწია. ამას, რა თქა უნდა, ჩვენი გადატვირთული გზების წყალობით (თან ე.წ. “პიკის საათის” დროს) ერთ საათზე მეტი დრო დასჭირდა. ხალხი სამსახურიდან ბრუნდებოდა და შესბამისად მგზავრების რაოდენობაც ჩვეულებრივზე მეტი იყო. “ქართველი ფილანთროპი” მძღოლი ყველას უჩერებდა, მიუხედავად იმისა, რომ დასაჯდომი კი არა დასადგომი ადგილიც აღარ იყო. შიგადაშიგ შეწუხებული მგზავრების რეპლიკები ისმოდა: “დაგვასვას ბარემ თავზე, რა უბედურებაა, ვერ ხედავს, რო ადგილი აღარაა?!”, “ამას ეს მარშუტკა “ბეზრაზმერნი” ხო არ გონია?!”… თუმცა საყვედურის პირდაპირ მძღოლისთვის თქმას რატომღაც ყველა ერიდებოდა და მხოლოდ ერთმანეთს უბავდნენ მხარს. ხანმოკლე მსჯელობის შემდეგ იმ ტრადიციულ დასკვნამდე მივიდნენ, რომელიც 4 სიტყვით გამოიხატება: “რას გვიშვება ეს საააკაშვილი?!” ხელისუფლბის მილიონჯერ მოსმენილი ლანძღვის ნაცვლად, ვამჯობინე ჩემს პირდაპირი მსხდომი გოგონებისთვის დამეგდო ყური. ასე 15 წლამდე თუ იქნებოდნენ. სპორტულად ეცვათ: ჯინსები (რა თქმა უნდა- დახეული), მაისური და ქურთუკი. ერთ-ერთს უცნაური ვარცხნილობაც ქონდა, კისერსა და მაჯაზე კი რკინის უცნაური “სამკაულები” ეკეთა. ჩემი ყურაღება მათმა საუბარმა მიიპყრო. როგორც მივხვდი, საერთო ნაცნობის (სავარაუდოდ დაქალის) დაბადების დღეზე მიდიოდნენ და თბილისის ამ მხარეს (მეტრო გურამიშვილის და სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია) პირველად იყვნენ. ყოველ ორმოში (ე.წ. “იამკაში”) ჩავარდნისას (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა, რადგან ახალ გზას აგებდნენ და ყველაფერი გადათხრილი იყო) აღშფოთებას დაახლოებით შემდეგი შინაარსის ტექსტებით გამოხატავდნენ: “აუ, რა გზებია, იმენა სოფელია ტო!”. უცებ ერთ-ერთს მობილურმა დაურეკა. სატელეფონო საუბარიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა, ოღონდ შინაარსით კი არა, სტილით: “ალო, ხო ნიკუშ! მაგრად, შენ? ნატუკასთან მივდივართ მე და ილინჩო. აუ, იცი რა სოფელში ცხოვრობს? ხო, მესმის. რაა? აუ, არ არსებოოობს! მართლა? ძაან ქული ხარ სიხ! ოკ, მერე დაგიქოლინგებ. კიიის!” გოგონამ საუბარი დაამთავრა და ილინჩოდ მოხსენიებულ მეგობარს ახარა: ნიკუშამ ფართის ბილეთები “გააძროო”.
გოგონების საუბარს მძღოლის გინებამ მომწყვიტა. “სპასიბაზე” ჩასულ მგზავრს ამკობდა მამა-პაპურად.
სამარშუტო ტაქსი ნელ-ნელა იცლებოდა და მთელი საათის განმავლობაში ცალ ფეხზე მდგომებს (აბა, ორი ფეხის დასადგამი ადგილი სად იყო?!) დასხდომა ეღირსათ. ყველას გადაღლილი სახე ჰქონდა, თუ იმ ორ გოგონას არ ჩავთვლით, რომლებიც მთელი გზა არ გაჩუმებულან. ხან ნატუკას რაიონს ამკობდნენ სიტყვებით “საბანძეთი” და “ყანა”, ხანაც თავიანთ “ლოვეებზე” ლაპარაკობდნენ. როცა ჩავიდნენ, ერთა მოხუცმა ქალმა სიხარული ვერ დამალა: მადლობა ღმერთსო. სამარშუტო ტაქსიში სიჩუმე ჩამოვარდა, რომელსაც მხოლოდ მორყეული დასაჯდომი სკამების ჭრაჭუნი არღვევდა.

უწყინარი ფანობიდან ფანატიზმამდე



ბოლო ხანებში მოზარდებში განსაკუთრებით იმატა ფანად გახდომის ტენდენციამ. საკმარისია ფართო აუდიტორიის წინაშე (უმეტესად ტელევიზიით) გამოჩნდეს კონკრეტული პიროვნება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი თვალყურის დევნების საშუალება მოგვეცეს, რომ მას მაშინვე გამოუჩნდებიან ფანები. ამას ქართულ ტელესივრცეში რეალური შოუების მატებამაც შეუწყო ხელი: სრულიად უცნობი გოგო-ბიჭები ძალიან მცირე ხანში ხდებიან კუმირები. ფანები ჰყავთ მომღერლებს, მსახიობებს, ფეხბურთელებს და დღევანდელ პოლიტიზირებულ ცხოვრებაში, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკოსებსაც. იმაზე თუ რატომ ხდებიან ადამიანები ფანები, არის თუ არა ეს ნორმა და რა შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული ადამიანის გაიდიალებას, ფსიქოლოგი ელენე კვანჭილაშვილი გვესაუბრა.

- ქალბატონო ელენე, ვინ არიან ფანები?

- ფანები არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პიროვნებას აიდიალებენ და მათით ზედმეტად არიან მოხიბლულნი. გაიდიალება ხდება როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე ადამიანთა ჯგუფისაც, მაგალითად: ფეხბურთის გუნდის, მუსიკალური და პოლიტიკური დაჯგუფებისაც კი. ფანები აღფრთოვანებულები არიან თავიანთი იდეალების გარეგნობითა თუ შინაგანი სამყაროთი და ხშირად მათ იმ თვისებებსაც მიაწერენ, რომლებიც რეალურად არ გააჩნიათ.

- ანუ ფანების წარმოდგენა თავიანთ კუმირზე გაზვიადებულია?


- დიახ, ხშირ შემთხვევაში ასეა. როგორც წესი, ის ობიექტები, ვის მიმართაც ფანატიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, მათთვის უცნობები არიან. ქვეცნობიერად ცდილობენ იდეალის მხოლოდ დადებითი თვისებები დაინახონ და უარყოფითს ვეღარ ამჩნევენ. შესაბამისად იდეალს იდეალურ ადამიანად ხატავენ, რაც, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია.

- ქალბატონო ელენე, რატომ ხდებიან ადამიანები ფანები? ეს ნორმაა?

- საერთოდ, ფანობა, ანუ ვინმეთი ან რაიმეთი ზეგატაცება ხშირ შემთხვევაში გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდისთვისაა დამახასიათებელი. სოციალიზაციის, განვითარების პერიოდში ადამიანს ყოველთვის აქვს სწორების, ანუ “ვიღაცისნაირად” ყოფნის სურვილი. განვითარების საწყის ეტაპზე ეს “ვიღაც’ ხშირად მშობელია. ამ შემთხვევაში იდეალის არსებობა პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუკი ის ფანატიზმში გადავა და ასაკის მატებასთან ერთად არ გაქრება, მაშინ ეს უკვე გადახრა იქნება.

- რა უნდა ქნას მშობელმა მაშინ, თუკი შვილის იდეალი გახდა უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანი, მაგალითად კრიმინალური ავტორიტეტი?


- ღირებულებების გადაფასების გამო, ადვილი შესაძლებელია ბავშვი გახდეს როგორც “მისაღები”, ასევე “მიუღებელი” თვისებების მქონე ადამიანის ფანი. იგივე, დეტექტიურ ნაწარმოებში დადებითად დახატული ქურდული სამყაროს წარმომადგენელი შეიძლება ბავშვმა გააიდეალოს. ამ შემთხვევაში მკაცრი აკრძალვა და მოთხოვნა-უარი თქვას იდეალზე, უშედეგოა. მშობელმა არაპირდაპირი, ირიბი გზით უნდა სცადოს შვილის ღირებულებების შეცვლა: შესაძლოა იდეალის მცირე უარყოფით თვისებებზე გაამახვილებინოს ყურადღება, შესთავაზოს სხვა დადებითი თვისებების გმირი (მაგალითად, ნაწარმოების პერსონაჟი), ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს. თუ ბავშვს ეუბნები, რომ მისი იდეალი “არასწორია”, ეს აუცილებლად უნდა დაუსაბუთო და გასაგებად აუხსნა.

- რა ხდება უფროს ასაკში, როდესაც, მაგალითად ქვეყნის ლიდერი ხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის იდეალი?

- ამ დროს ცოტა რთულია განმტკიცებული რწმენების მოშლა, მით უმეტეს, როცა ამას მასობრივი ხასიათი აქვს, დიდი ალბათობაა ის დესტრუქციულ ძალად იქცეს. როდესაც ფანატიზმი დიდი ხნისაა და თან ასაკიანი ადამიანია ფანატიკოსი, რაც უფრო ვეცდებით გადარწმუნებას, ის მით უფრო განამტკიცებს თავის რწმენას. ეს პროცესი უფრო რთულია, თუკი ფანატიზმის ობიექტი გარდაცვლილია, რადგან ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ. ამ შემთხვევაში იდეალის უარყოფითი თვისებების ჩვენება ვერ დაგვეხმარება. უბრალოდ, შესაძლებელია მისი კონტროლი, რათა ფანატიზმის გამოვლენის ფორმა რადიკალური და ზიანის მომტანი არ იყოს.

- და ბოლოს, იდეალის ყოლის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

- იდეალის ყოლა არ არის ცუდი თუ ის ნორმის ფარგლებშია, პირიქით, ვინმეს დადებითი თვისებების გადმოღებამ შეიძლება სარგებელიც მოუტანოს ადამიანს. მაგრამ თუკი გაიდიალება ფანატიზმში გადაიზდრება, ეს უკვე პიროვნების ჩამოყალიბებას შეაფერხებს, მისი შინაგანი “მე” დაკარგავს იდენტობას და ვიღაც სხვა ადამინის ღირებულებებით დაიწყებს ცხოვრებას. ასე, რომ ზომიერება და საღად აზროვნებაა საჭირო.