
ესეც დაპირებული სტარტი :)
დღევანდელი ჩემი პოსტი ეხება ისეთ თემას, რომელზე საუბარიც ხშირად ტაბუირებულია და მკრეხელობად მიიჩნევენ. ვაღიარებ, რომ მე თვითონაც მიმიცია შენიშვნა მსგავს თემაზე საუბრისას ჩემი ათეისტი ან უბრალოდ მღვდლების რომ არ სწამთ, ისეთი მეგობრებისთვის. არ ვაპირებ რელიგიის ან ვინმეს გაკიცხვას, ურალოდ მინდა ერთი ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინო.
2 იანვარს პატარა ბაია მოვნათლე. ეს ჩემი მეორე ნათლულია და ასე თუ ისე, ამ ცერემონიის მსვლელობა ჩემთვის უცხო არ იყო. თუმცა მაინც გაოგნებული წამოვედი იქიდან. მიზეზი მღვდლის მიერ განხორციელებული რამდენიმე ქცევა და მისი სიტყვები იყო.
რამდენიმე (დაახლოებით 6-7 ) ადამიანის ნათლობა ერთად ჩაატარა. მართალია, ასე პატრიარქსაც აქვს სახალხო ნათლობის პროცესი, მაგრამ, ალბათ, ამასაც თავისი ფორმა უნდა ქონდეს. ლოცვებს ისეთი სისწრაფით კითხულობდა, რომ არათუ სიტყვების, ბგერების აღქმასაც კი ვერ ვახერხებდი. რატომღაც საშინლად ეჩქარებოდა ამ კაცს ნათლობის დასრულება და ნათლიები ერთ ფაციფუცში ჩაგვყარა.
ერთი ქალბატონი უხეშად გააძევა ოთახიდან იმის გამო, რომ ატირებულ ბავშვს გასაჩუმებლად კანმფეტი მისცა. ჯერ დაუყვირა: ხელს მიშლი და გადი აქედანო. ქალმა ბოდიში მოუხადა და კართან დადგა, მღვდელი მიუტრიალდა და დაუყვირა: გარეთ მაგ კარების იქითააო. ამას მოყვა მეორე "შეტევა" ერთ-ერთ ნათლიაზე, რომელსაც საკმაოდ პუტკუნა მოსანათლი ყავდა და ძლივს ეკავა ხელში. მასაც იმავე ტონით დაუყვრა: ბავშვი არ შემოგიბრუნდეს და მირონი არ წაგისვას, თორემ დაგიჭრი მაგ ტანსაცმელს და შიშველს გაგიშვებ აქედანო. ისედაც ხელისკანკალით მეკავა მოცუცქნული 40 დღის ბავშვი და ამის გაგონებაზე, მთლად დავფრთხი: ბავშვმა ახლა თავის ქნევა არ დაიწყოს და მირონი არ მომაცხოს-მეთქი :).
თუმცა ეს არაფერი, მთავარი კულმინაციური დარტყმა ბოლოს მივიღე. ნათლიები თავისთან გვიხმო, ნათლობის წიგნაკების ასაღებად და იმის სათქმელად, რომ იქვე მდგარ შესაწირავის თეფშში ფულის ჩაგდება არ დაგვვიწყებოდა. ერთ-ერთმა ნათლიამ ხურდა ფული ჩაყარა და ჩხარუნის ხმა რომ გაიგო მღვდელმა, გადაირია და დაიყვირა: ე, ბიჭო, მოდი აქ, რა ხურდებს ყრიო.
წამოვედი იქიდან და უკვე ნათლულის ოჯახში სუფრაზე, დიდი კამათი გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს კაცი ჩემი ნათლულის მამიდის მოძღვარი ყოფილა და კბილებით დაუწყო დაცვა. ოღონდ ისეთი რაღაცები თქვა, რომ უფრო მეტი შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა იმ კაცზე. მთავარი არგუმენტი ქონდა ის, რომ - აბა არ უნდა იცოდეს, ამხელა “მუტრუკმა” (დაახლოებით ამ მნიშვნელობით თქვა, ზუსტად ეს სიტყვა არ უთქვამს : ) ) პოტენციურმა ნათლიამ, რომ როცა მოსანათლად მიდის ფული უნდა ქონდეს თან და ხურდები არ უნდა ჩაყაროს შესაწირში. ვერაფრით ვერ ავუხსენი, რომ ამქვეყანად არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც ის ხურდა ფული ძირითადი საზრდოა და არ შეიძლება ეკლესიაში არსებული “სტავკების” გამო ნათლობის უფლება ჩამოერთვათ. ბიბლიის ის ეპიზოდიც გავახსენეთ, სადაც ქვრივი ქალი მცირე შესაწირს ჩააგდებს და ერთი მდიდარი ბევრს ჩაყრის, იესო კი ამბობს, რომ ამ ქვრივს უფრო მეტი საზღაური ექნება ცათა სასუფეველში, რადგან მან, რაც ებადა, ის მთლიანად გაიღო.
გავიგე ისიც, რომ ეს ადამიანი აღსარებას ჯგუფურად იბარებს: დააყენებს მრევლს და ხმამაღლა აკითხებს ერთად თავიანთ ცოდვებს – ზოგჯერ კი იმასაც ეუბნება - ვისაც რა ცოდვა გაქვთ ყველაზე ხმამღლა იყვირეთო. მაშინ რაღა საჭიროა არსებობდეს ტერმინი “აღსარების საიდუმლო”?!
რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთი კითხვა მაქვს: როგორ ფიქრობთ, არ უნდა არსებობდეს რაიმე მონიტორინგის საშუალება საპატრიარქოს მხრიდან, იმისათვის რომ მსგვსი საქციელი ამხილონ? ზუსტად ასეთი მღვდლების არსებობის გამო აღარ სჯერა ხალხს აღარცერთი მღვდლის (მაგალითად დედაჩემს). არადა ყველას ერთ ქვაბში ნამვილად ვერ მოვხარშავთ.
ღმერთმა შემინდოს, თუ ეს პოსტი ჩემი მხრიდან მკრეხელობაა. ღმერთისაც მწამს, ეკლესიისაც და მღვდლისაც (ოღონდ იმ კაცისნაირების არა) და არავის განკითხვას არ ვაპირებ: უბრალოდ მჯერა, რომ ღმერთმა გონება და აზროვნება იმისთვის მოგვცა რაღაც-რაღაცები რომ გავაანალიზოთ და ბრმად ყველაფრის (და ყველა მღვდლის!!!) არ დავიჯეროთ.


















