Показаны сообщения с ярлыком ზოგადი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ზოგადი. Показать все сообщения

суббота, марта 06, 2010

პროფესიებში დაკარგულის პოსტი

დღეს, გაღვიძებისთანავე ვებრძვი ბოლო პოსტში, საკუთარ თავში აღმოჩენილ დაავადებას. რახან ვწერ, ე.ი. ერთი ნაბიჯით უკვე წინ ვარ - გამოჯანმრთელებისკენ! :)


დღეს იმ სატკივარზე მინდა დავწერო, აგერ უკვე 4 წელია რომ მაწუხებს და საკუთარი მომავლის არასწორად დაგეგმვა რომ ქვია.
ციტირება ჩემი პირველი, ავტობიოგრაფიული პოსტიდან:
“9 კლასი რომ დავამთავრე, სერიოზულად დავფქრდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაც: პოლიტიკით დაწყებული, ასტრონომია-ასტროლიგიით დამთავრებული. გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი, რადგან ამ პროფესიის ადამიანს მრავალმხრივი ცოდნა მოეთხოვება.”


ჰოდა, მანდედან დაიწყო შეცდომებიც!!!
წინა სემესტრში გავიარე შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, რომელშიც შევეხეთ პროფორიენტაციის საკითხს. ეს გახლავთ შრომის ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანს ეხმარება პროფესიის არჩევაში, კარიერაში არსებული სიძნელეების აღმოჩენა-გადალახვაში და ა.შ. ყოფილა სპეციალური პროფორიენტაციის ცენტრებიც, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს შეუძლია მივიდეს და დაადგინოს, რომელი სპეციალობისთვის შესაფერისი უნარების მფლობელია და საერთოდაც, უხეშად რომ ვთქვათ, რომელ პროფესიაში ივარგებს, რომელი პროფესია უნდა და რომელი გამოადგება.





ყველაზე დიდი პლუსი ამ ცენტრებისა, ჩემი აზრით, ის არის, რომ მათთან მისულ ადამიანს შეძლებისდაგვარად აწვდიან ძირითად ინფორმაციას სხვადასხვა პროფესი
ზე (ანუ რეალურად რას წარმოადგენენ, ყოველგვარი რომანტიზმის საბურველში გახვევის გარეშე), რა უნარებია საჭირო ამა თუ იმ პროფესიის ადამიანისთვის და რამდენად არის მასზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე (ანუ რეალური დასაქმების პერსპექტივები).
ჩემს შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების გათვალისწინებით, ასეთ სურათს ვიღებთ:
1ჟურნალისტიკას რომანტიკულ საბურველში გახვეულს ვხედავდი და ვეტრფოდი (ამ სიტყვის, სრული მნიშვნელობით), სინამდვილეში კი, წარმოდგენაც არ მქონდა რა ჩიტიც ბრძანდებოდა; :)
2.რახან, ასე თუ ისე, წერა მეხრხებოდა და “გატლეკილიც” ვიყავი, მეგონა, ეგ არის და გორის ციხე, მეტი არაფერი მჭირდება-მეთქი;
3.სულაც არ ვიცოდი, რომ ეს შენი ჟურნალისტები შრომის ბაზარზე კონა 20 თეთრადაც არავის ჭირდება და ეს მოცუცქნული ქვეყანა ვერაფრით ვერ დაასაქმებს წელიწადში მინიმუმ 500 ახალგამოჩეკილ ჟურნალისტს.


ამ ყველაფერს, დაახლოებით, პირველი კურსის ბოლოს, ან მეორე კურსის დასაწყისში მივხვდი. თუმცა რაღაც იმედის ნაპერწკალი კიდევ მქონდა, ან ალბათ ბავშვობის ოცნებას ვერ ვუღალატე და ამიტომ არ გადმოვიტანე ჩემი მეორადი სპეციალობა, ფსიქოლოგია, ძირი
ადად. მომდევნო კურსზე თავს იმით ვიმშვიდებდი, მაგისტრატურაში შევიცვლი სპეციალობას-მეთქი. აი, მოვიდა ბოლო კურსის ბოლო სემესტრიც და მე ისევ წარმოდგენა არ მაქვს: რა მინდა, რა შემიძლია და რა გამომადგება (აუცილებელი სამი კომპონენტი საკუთარი პროფესიით კმაყოფილებისათვის) :(



ამ წელს კი, მეორე მოულოდნელობა დამატყდა თავს და მეც ვერ გავაცნობიერე, ისე აღმოვჩნდი სკოლის მასწავლებლად კერძო სკოლაში, არადა ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს თავს პედაგოგად, სად მქონდა ბვშვების ნერვები (თურმე მქონია :) )।


















ვარ ასეთ გაურკვევლობაში და ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვაძლევ რჩავას, ჩემსავით არ შეცდნენ და სანამ ფაკულტეტების პრიორიტეტულ სიას შეავსებენ, დაფიქრდნენ: რა უნდათ, რა შეუძლიათ და რა გამოადგებათ!!!






воскресенье, февраля 07, 2010

ვაიმეეეე :((((((

საშინელი სენი შემეყარა! დიდი იმედი მაქვს, რომ უკურნებელი არაა, თორემ ჯობია ახლავე ვეძებო თოკი თავის ჩამოსახრჩობად :| დიაგნოზი საკუთარ თავს რამდენიმე წუთის წინ დავუსვი იმ ერთადერთი სიმპტომის გაანალიზების შემდეგ, რომელიც მაქვს: დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ჯდომა, მექანიკურად ბოდიალი ერთი და იმავე საიტებზე დროის გაყვანის მიზნით. თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს უმნიშვნელოვანესი კონტექსტი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება - ”უამრავი გასაკეთებელი საქმე" : ბავშვებისთვის (მოსწავლეებს ვგულისხმობ - ამაზე ცალკე პოსტი მაქვს კიდე დასაწერი) ტესტების შედგენა, უკვე დაწერილი ტესტების (და კიდევ თემებისაც) გასწორება, კედლის გაზეთებისთვის მასალების მოძიება, ღონისძიების ჩასატარებლად პროგრამის შედგენა, უამრავ ადგილას წასვლა სხვადასხვა წვრილმანი საქმის მოსაგვარებლად და ა.შ. (+უსასრულობა). რა ჰქვია ამ ავადმყოფობას, სიზარმაცე? არააა - “უ ს ი ზ ა რ მ ა ც ე ს ო ბ ა” :|



უკვე რამდენიმე თვეა უამრავი ადამიანი მსაყვედურობს, რომ საერთოდ აღარავინ აღარ მახსოვს। აქამდე თავს იმით ვიმართლებდი, რომ სასწავლებელი და სამსახური ერთდროულად კატასტროფულ ენერგიას და დიდ დროს მართმევდა. ახლა უნივერსიტეტში არდადეგები მაქვს და სამსახურსაც დღის პირველ ნახევარში ვამთავრებ, ანუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაგრამ მაინც არავისთან არ მივდივარ და მთელი დღე ზემოთხსენებულ უაზრო და უსარგებლო ქმედებას ვახორციელებ :|
მეშველება რამე??? :(

პ.ს. რა შუაშია, მაგრამ მაინც: გუგლი ბიძიასთან ერთად სიზარმაცის თემაზე ფოტოს ძიებამ ზურას ბლოგზე მიმიყვანა ამ ფოტოთი

четверг, января 28, 2010

ბავშვური ფიქრები – ჩარლის ანგელოზები ვიქნებით! :)









ამას წინათ, დილის 8 საათზე სამსახურში მიმავალს, ნახევრადმძინარე მდგომარეობაში ერთი პოსტის დაწერის იდეა დამებადა. სხვადასხვა ბლოგზე ძალიან ხშირად წამიკითხავს პოსტები “ძველი დღიურების” შესახებ. 14 წლიდან ვწერდი პირად დღიურებს. დღეს რომ ვკითხულობ, სხვების მსგავსად სიცილით ვიგუდები, მაგრამ დღევანდელ პოსტში არ ვაპირებ ჩემი პირადი დღიურების შესახებ გიამბოთ. ეს ცოტა განსხვავებულ დღიურს ეხება.

სკოლაში სამი განუყრელი დაქალოჩკა ვიყავით მე, ეკა და გუკა. სამივე განსხვავებული ტიპაჟები ვართ, მაგრამ მეგობრობა დღემდე მშვენივრად გამოგვდის (ალბათ სწორედ ამ განსხვავებულობის გამო). ბავშვობა ჩვეულებრივად გავატარეთ, გვქონდა ისეთი თვისებები, როგორიც ამა თუ იმ ასაკისთვისაა დამახასიათებელი და ისეთი ოცნებები, ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც რომ ნაცნობია. ჰოდა, ასეთი ერთ-ერთი საერთო ოცნების შესახებ მინდა მოგიყვეთ.

ჩვენს ბავშურ ოცნებებსა და ფიქრებში ერთ-ერთი ის იყო, რომ ჩვენს თავებს “ჩარლის ანგელოზებს” (ცოტაღა გვაკლდა :D ) ვუწოდებდით, ოღონდ ჩარლი არ გვყავდა და ვინ იყო, არც ის ვიცოდით.

ერთხელ გუკამ იყიდა ძალიან ლამაზი ბლოკნოტი. იმის გამო, რომ თვითონ საშინლად არ უყვარდა წერა, მაგრამ უყვარდა ლექსების კითხვა, მე მომცა (როგორც იქიდანვე ცნობილ წერომანს: ბავშვობიდან ვგიჟდებოდი წერის პროცესზე, შემეძლო მთელი დღე მეწერა გაუჩერებლად). მთხოვა: ლექსები ჩამიწერე და რითაც გინდა იმით გამივსეო. წამოვიღე სახლში და დამებადა ერთი იდეა: გამეკეთებინა საერთო დღიური, რომელშიც დავწერდით სამივე დაქალი. გოგოებსაც მოეწონათ ეს აზრი და გავაკეთეთ.

დღიურის გარეკანი



დღიურის პირველი გვერდი, რომელზეც თარგმნილია ბლოკნოტის ინგლისური წარწერა ლიზა ჯეინისაგან (ამ ბლოკნოტების მწარმოებელი კომპანიის მფლობელია მგონი)


დღიურის წერის წესები და პირობები მქონდა შემუშავებული: რიგრიგობით უნდა დაგვეწერა, აუცილებელი იყო თარიღი და ბოლოში ხელმოწერა. მერე ფოტოებსაც ვაკრავდით, ლექსებსაც ვწერდით, ვხატავდით კიდეც შეძლებისდაგვარად.

ჩემი შედევრ-წინასიტყვაობა :D


ამის პარალელურად, პირადი დღიურები და ლექსების რვეულებიც უამრავი გვქონდა. ვოცნებობდით, რომ გავიზრებოდით, გვქონოდა ერთი საერთო, პატარა სახლი, სადაც შევინახავდით ამ ჩვენს ბავშვობის ჩანაწერებს, ოღონდ ამ ბინის არსებობა ჩვენს ქმრებს არ უნდა სცოდნოდათ. :D ხანდახან ჩუმად შევიკრიბებოდით ჩვენს საერთო სახლში, წავიკითხავდით ძველ ჩანაწერებს და მოგონებებით ვიხალისებდით, მერე ჩვენს შვილებსაც ვანახებდით….

თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი წელი ვწერდით. მერე ეკუშკები ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და მე და გუკამ “ჩარლის ანგელოზების დღიური” (ასე ვეძახდით) სამახსოვროდ მას გავატანეთ. მერე ეკამ სხვა ახალი ბლოკნოტი გამოგვიგზავნა: წერა გააგრძელეთ მანდო, მაგრამ უკვე ცოტა მოზრდილები ვიყავით, თანაც “ტრიო” დაიშლილი იყო, გუკას წერა ეზარებოდა და სულ რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთეთ, მეტი ვერ გავქაჩეთ.

ამ შემოდგომით ეკუშკები იყო ჩამოსული საქართველოში. გავიხსენეთ წარსული და ჩვენი საერთო ბინის ქონის ოცნება. პოტენციურ მეორე ნახევრებსაც გავუზიარეთ და “შევუგდეთ” : არ გინდათ, თქვენს მომავალ ცოლუკებს ბავშვობის ოცნება აუხდინოთო. მაგრამ მათი ღიმილიანი სახით თუ ვიმსჯელებთ, ერთი და იგივე აზრი უტირალებდათ თავში: “ვაი, თქვენს პატრონს!” :D აშკარად არ მოიხიბლნენ ბინისთვის “ობშიაკის” აგროვების იდეით. :D

თუმცა, ცხოვრება ჯერ წინაა. ხანდახან სასწაულებიც ხდება და ოცნებებიც. ჰოდა, რა იცით, იქნებ ერთ დღესაც ახდეს ბავშვური ფიქრები და ერთ, პატარა, ლამაზ და ვარდისფერ სახლში ჩვენ სამნი ისევ გავხდეთ ხოლმე “ჩარლის ანგელოზები”

ჩვენ :)


პ.ს. ფოტოების მოწოდებისთვის დიდი მადლობა ეკუშკებს. მენატრები ბეკეკო :*

понедельник, января 11, 2010

ახალი წელი, ახალი შემართებით!

ცუდი გოგო ვარ!!! ძალიან ცუდი!!! :( ჩემი უკანასკნელი პოსტი 7 თვის წინ დაიწერა (ამ ბლოგზე, თორემ ექო-რუზე რაღაცას ვხლაფორთობდი ხოლმე). თავიდან დიდი შემართებით დავიწყე ბლოგზე წერა. მახსოვს, თავზე მათენდებოდა დიზაინის შერჩევასა და ტექნიკური პროცედურების გარკვევაში (ჩემი სუსტი წერტილი!), მერე კი - ასე ჩავფლავდი. :(
მაგრამ სჯობს ოდესმე, ვიდრე არასდროსო (როგორც მე ვიტყოდი :) ), ხოდა მგონი ეს ოდესმეც დადგა. :) დღეს ბლოგროლზე დავრეგისტრირდი და ვაპირებ, რომ აქტიურად თუ არა, შეძლებისდაგვარად ხშირად მაინც დავწერო ხოლმე პოსტები.
ასე რომ, გელოდებით ჩემთან სტუმრად , ხანდახან შემოირბინეთ- რა იცით, იქნებ და რაიმე საინტერესოს გადააწყდეთ :)

суббота, мая 16, 2009

ქართულ ბლოგოსფეროში სიახლეა!!!




შეიქმნა ახალი, საინტერესო და განსხვავებული ფორმატის ბლოგი www.eqo-ru.blogspot.com რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც გახლავართ.
ბლოგი შემდეგ საქმიანობას ეწევა: მასზე იდება რუსულ მედიაში გამოქვეყნებული საინტერესო და სკანდალური სტატიების ქართულად ნათარგმნი ვერსიები. თემატიკა შეუზღუდავია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ენიჭება საქართველოზე დაწერილ პუბლიკაციებს, კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებულ სტატიებს და ა.შ. ბლოგი ყოველდღიურად ახლდება და მინიმუმ ერთი ახალი სტატია მაინც იდება მასზე. მე და ჩემი პარტნიორი, ვიქტორია ბუკია, ვფიქრობთ, რომ ექო-რუ”-ს დახმარებით ბევრ ადამიანს გაუმარტივდება უცხოური მედიისთვის თვალის დევნება. რადგანაც ინგლისური პუბლიკაციების თარგმანების ბლოგი უკვე არსებობს, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსული სტატიებიც გვეთარგმნა.
შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა იფიქროს, რომ რუსული მედია დეზინფორმატორია და შესაბამისად, მისი პუბლიკაციებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. გეთანხმებით, რომ რუსული მედია ხელისუფლების გალენის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ თუნდაც იმ დეზინფორმაციას, რომლსაც ჩვენზე, კონფლიქტის ზონებზე ავრცელებენ. გარდა ამისა, ჩვენ (ბლოგის ავტორებმა, მე და ვიკამ) იმაზეც ვიზრუნეთ, რომ შეძლებისდაგვარად თავიდან აგვეცილებინა დეზინფორმაციის გავრცელება. რუსეთში მცხოვრებ ქართველებს ვთხოვეთ გაეგოთ იმ ინტერნეტ-გამოცემების (ონლაინურიც და ოფლაინურიც) მისამართები და იმ ჟურნალისტების სახელი და გვარები, რომლებიც ერთგვარი ავტორიტეტით სარგებლობენ რუსეთში და ხელისუფლების ცენზურას არ ემორჩილებიან. ასე რომ, ექო-რუზე თქვენ სწორედ ასეთი ჟურნალისტების ანალიტიკური სტატიების ქართული თარგმანის ნახვა შეგეძლებათ.
გარანტიას გაძლევთ, რომ თარგმანი ზუსტია და ჩვენს მიერ არ კორექტირდება (სტატიებს დასაწყისში აწერია კიდეც, რომ სტილი დაცულია. ამასთანავე, მითითებულია ის ინტერნეტმისამართიც, რომელზედაც სტატიის რუსული ვერსიაა განთავსებული, ასე რომ შეგიძლიათ თავადაც გადაამოწოთ ჩვენი სანდროობა:) ).
იმედია დაინტერესდებით ბლოგოსფეროს ამ სიახლით და ჩვენი მუდმივი მკითხველი გახდებით. დიდი სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შენიშვნებს და რჩევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი იმასთნ დაკაშირებით, თუ რა თემატიკის პუბლიკაციების წაკითხვის სურვილი გაქვთ და რომელი რუსული მედიაგამოცემაა თქვენთვის ასე თუ ისე სანდრო წყარო. ასე რომ, ჩვენ თანამშრომლობისთვის მზად ვართ! :)

воскресенье, мая 10, 2009

ავტორისგან



გამარჯობა! რადგან ამ პუბლიკაციას კითხულობ, ე.ი. გაინტერესებს ვინ ვარ და რატომ შევქმენი ეს საიტი. იმედია არ გამიწყრები, თუ ცოტა წარსულში გადავინაცვლებ და შენი ინტერესის დაკმაყოფილებას ჩემს შესახებ მცირე და შეძლებისდაგვარად საინტერესო ბიოგრაფიული ცნობების მოწოდებით დავიწყებ.
ქვეყანას 1988 წელს მოვევლინე. მშობლები ბიჭს ელოდებოდნენ, მაგრამ “რატომღაც” მდედრობითი სქესის აღმოვჩნდი. :) ბებიაქალს ისე “შეეცოდა” დედაჩემი და მამაჩემი, რომ ხელზე “ვაჟი” დამაწერა, რის გამოც სამშობიაროში დიდი აურზაური ატყდა. ფიზიოლოგიით ე.წ. “სუსტ სქესს” წარმოვადგენდი, ოფიციალური საბუთით კი – “ძლიერს”. ბოლოს, როგორც იქნა, გაარკვიეს ჩემი სამომავლო ორენტაცია და ყურებჩამოყრილმა მშობლებმაც ამოიოხრეს: რა იქნებოდა ბიჭი ყოფილიყავიო. მართალია ციცქნა ვიყავი, მაგრამ მაინც მეწყინა. დედ-მამას ვერ ვაპატიე და პროტესეტის ნიშნად 2 წლამდე დუმილის უფლებით ვსარგებლობდი. :) შეშფოთებულ მშობლებს ვიღაც ღვთისნიერმა ქალმა ასწავლა: ბავშვი ბაგაზე მიაბით, პაპას წკეპლა მოაქნევინეთ შესაშინებლად და ალაპარაკდებაო. დაუჯერეს და დამაბეს. ბოჩოლას როლში ყოფნა არ მესიამოვნა და ენა ამოვიდგი. ლაპარაკი ისე მომეწონა (თან 2 წელზე მეტი ხნის მანძილზე დაგროვილი სათქმელი ცოტა ხომ არაა?!), რომ ჩემი მშობლები კინაღამ თავქუდმოგლეჯილები გავაქციე იმ ღვთისნიერ ქალთან დროებით გასაჩუმელბელი წესის სასწავლებლად. დღემდე მიყვარს ლაპარაკი და ჩემი “დაქოქილობის” გამო “ქოქიც” შემარქვეს. :)
9 კლასი რომ დავამთავრე, სერიოზულად დავფქრდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაც: პოლიტიკით დაწყებული, ასტრონომია-ასტროლიგიით დამთავრებული. გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი, რადგან ამ პროფესიის ადამიანს მრავალმხრივი ცოდნა მოეთხოვება.
სკოლის დამთავრების შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ძირითად სპეციალოად ჟურნალისტიკა ავირჩიე, მეორადად კი – ფსიქოლოგია. ახლა უკვე მესამე კურსის (თუმცა სადღაა კურსების ცნება, მესამე დონე უნდა დამეწერა :) ) სტუდენტი ვარ. პარალელურად სტაჟირებას გავდივარ
რადიო “კომერსანტში” (95,5- პირველი ბიზნეს რადიო საქართველოში). ახლა კი გადავწყვიტე ბლოგიც შევქმნა, სადაც ჩემს ჟურნალისტურ “წერომანიას” დავიკმაყოფილებ. დავწერ ყველაფერზე, რაზეც “მეწერება” და ისე, როგორც “მეწერება”. გამიხარდება, თუ ჩემს პუბლიკაციებს მკითხველი ეყოლება, რომელიც, თუ არ დაეზარება, კომენტარსაც დატოვებს და თავის აზრს გამიზიარებს. მაშ ასე: წერომანის წერომანული “წერომანია” თქვენს განკარგულებაშია!!!