суббота, марта 06, 2010

პროფესიებში დაკარგულის პოსტი

დღეს, გაღვიძებისთანავე ვებრძვი ბოლო პოსტში, საკუთარ თავში აღმოჩენილ დაავადებას. რახან ვწერ, ე.ი. ერთი ნაბიჯით უკვე წინ ვარ - გამოჯანმრთელებისკენ! :)


დღეს იმ სატკივარზე მინდა დავწერო, აგერ უკვე 4 წელია რომ მაწუხებს და საკუთარი მომავლის არასწორად დაგეგმვა რომ ქვია.
ციტირება ჩემი პირველი, ავტობიოგრაფიული პოსტიდან:
“9 კლასი რომ დავამთავრე, სერიოზულად დავფქრდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაც: პოლიტიკით დაწყებული, ასტრონომია-ასტროლიგიით დამთავრებული. გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი, რადგან ამ პროფესიის ადამიანს მრავალმხრივი ცოდნა მოეთხოვება.”


ჰოდა, მანდედან დაიწყო შეცდომებიც!!!
წინა სემესტრში გავიარე შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, რომელშიც შევეხეთ პროფორიენტაციის საკითხს. ეს გახლავთ შრომის ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანს ეხმარება პროფესიის არჩევაში, კარიერაში არსებული სიძნელეების აღმოჩენა-გადალახვაში და ა.შ. ყოფილა სპეციალური პროფორიენტაციის ცენტრებიც, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს შეუძლია მივიდეს და დაადგინოს, რომელი სპეციალობისთვის შესაფერისი უნარების მფლობელია და საერთოდაც, უხეშად რომ ვთქვათ, რომელ პროფესიაში ივარგებს, რომელი პროფესია უნდა და რომელი გამოადგება.





ყველაზე დიდი პლუსი ამ ცენტრებისა, ჩემი აზრით, ის არის, რომ მათთან მისულ ადამიანს შეძლებისდაგვარად აწვდიან ძირითად ინფორმაციას სხვადასხვა პროფესი
ზე (ანუ რეალურად რას წარმოადგენენ, ყოველგვარი რომანტიზმის საბურველში გახვევის გარეშე), რა უნარებია საჭირო ამა თუ იმ პროფესიის ადამიანისთვის და რამდენად არის მასზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე (ანუ რეალური დასაქმების პერსპექტივები).
ჩემს შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების გათვალისწინებით, ასეთ სურათს ვიღებთ:
1ჟურნალისტიკას რომანტიკულ საბურველში გახვეულს ვხედავდი და ვეტრფოდი (ამ სიტყვის, სრული მნიშვნელობით), სინამდვილეში კი, წარმოდგენაც არ მქონდა რა ჩიტიც ბრძანდებოდა; :)
2.რახან, ასე თუ ისე, წერა მეხრხებოდა და “გატლეკილიც” ვიყავი, მეგონა, ეგ არის და გორის ციხე, მეტი არაფერი მჭირდება-მეთქი;
3.სულაც არ ვიცოდი, რომ ეს შენი ჟურნალისტები შრომის ბაზარზე კონა 20 თეთრადაც არავის ჭირდება და ეს მოცუცქნული ქვეყანა ვერაფრით ვერ დაასაქმებს წელიწადში მინიმუმ 500 ახალგამოჩეკილ ჟურნალისტს.


ამ ყველაფერს, დაახლოებით, პირველი კურსის ბოლოს, ან მეორე კურსის დასაწყისში მივხვდი. თუმცა რაღაც იმედის ნაპერწკალი კიდევ მქონდა, ან ალბათ ბავშვობის ოცნებას ვერ ვუღალატე და ამიტომ არ გადმოვიტანე ჩემი მეორადი სპეციალობა, ფსიქოლოგია, ძირი
ადად. მომდევნო კურსზე თავს იმით ვიმშვიდებდი, მაგისტრატურაში შევიცვლი სპეციალობას-მეთქი. აი, მოვიდა ბოლო კურსის ბოლო სემესტრიც და მე ისევ წარმოდგენა არ მაქვს: რა მინდა, რა შემიძლია და რა გამომადგება (აუცილებელი სამი კომპონენტი საკუთარი პროფესიით კმაყოფილებისათვის) :(



ამ წელს კი, მეორე მოულოდნელობა დამატყდა თავს და მეც ვერ გავაცნობიერე, ისე აღმოვჩნდი სკოლის მასწავლებლად კერძო სკოლაში, არადა ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს თავს პედაგოგად, სად მქონდა ბვშვების ნერვები (თურმე მქონია :) )।


















ვარ ასეთ გაურკვევლობაში და ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვაძლევ რჩავას, ჩემსავით არ შეცდნენ და სანამ ფაკულტეტების პრიორიტეტულ სიას შეავსებენ, დაფიქრდნენ: რა უნდათ, რა შეუძლიათ და რა გამოადგებათ!!!






воскресенье, февраля 07, 2010

ვაიმეეეე :((((((

საშინელი სენი შემეყარა! დიდი იმედი მაქვს, რომ უკურნებელი არაა, თორემ ჯობია ახლავე ვეძებო თოკი თავის ჩამოსახრჩობად :| დიაგნოზი საკუთარ თავს რამდენიმე წუთის წინ დავუსვი იმ ერთადერთი სიმპტომის გაანალიზების შემდეგ, რომელიც მაქვს: დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ჯდომა, მექანიკურად ბოდიალი ერთი და იმავე საიტებზე დროის გაყვანის მიზნით. თითქოს ერთი შეხედვით არაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს უმნიშვნელოვანესი კონტექსტი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება - ”უამრავი გასაკეთებელი საქმე" : ბავშვებისთვის (მოსწავლეებს ვგულისხმობ - ამაზე ცალკე პოსტი მაქვს კიდე დასაწერი) ტესტების შედგენა, უკვე დაწერილი ტესტების (და კიდევ თემებისაც) გასწორება, კედლის გაზეთებისთვის მასალების მოძიება, ღონისძიების ჩასატარებლად პროგრამის შედგენა, უამრავ ადგილას წასვლა სხვადასხვა წვრილმანი საქმის მოსაგვარებლად და ა.შ. (+უსასრულობა). რა ჰქვია ამ ავადმყოფობას, სიზარმაცე? არააა - “უ ს ი ზ ა რ მ ა ც ე ს ო ბ ა” :|



უკვე რამდენიმე თვეა უამრავი ადამიანი მსაყვედურობს, რომ საერთოდ აღარავინ აღარ მახსოვს। აქამდე თავს იმით ვიმართლებდი, რომ სასწავლებელი და სამსახური ერთდროულად კატასტროფულ ენერგიას და დიდ დროს მართმევდა. ახლა უნივერსიტეტში არდადეგები მაქვს და სამსახურსაც დღის პირველ ნახევარში ვამთავრებ, ანუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, მაგრამ მაინც არავისთან არ მივდივარ და მთელი დღე ზემოთხსენებულ უაზრო და უსარგებლო ქმედებას ვახორციელებ :|
მეშველება რამე??? :(

პ.ს. რა შუაშია, მაგრამ მაინც: გუგლი ბიძიასთან ერთად სიზარმაცის თემაზე ფოტოს ძიებამ ზურას ბლოგზე მიმიყვანა ამ ფოტოთი

четверг, января 28, 2010

ბავშვური ფიქრები – ჩარლის ანგელოზები ვიქნებით! :)









ამას წინათ, დილის 8 საათზე სამსახურში მიმავალს, ნახევრადმძინარე მდგომარეობაში ერთი პოსტის დაწერის იდეა დამებადა. სხვადასხვა ბლოგზე ძალიან ხშირად წამიკითხავს პოსტები “ძველი დღიურების” შესახებ. 14 წლიდან ვწერდი პირად დღიურებს. დღეს რომ ვკითხულობ, სხვების მსგავსად სიცილით ვიგუდები, მაგრამ დღევანდელ პოსტში არ ვაპირებ ჩემი პირადი დღიურების შესახებ გიამბოთ. ეს ცოტა განსხვავებულ დღიურს ეხება.

სკოლაში სამი განუყრელი დაქალოჩკა ვიყავით მე, ეკა და გუკა. სამივე განსხვავებული ტიპაჟები ვართ, მაგრამ მეგობრობა დღემდე მშვენივრად გამოგვდის (ალბათ სწორედ ამ განსხვავებულობის გამო). ბავშვობა ჩვეულებრივად გავატარეთ, გვქონდა ისეთი თვისებები, როგორიც ამა თუ იმ ასაკისთვისაა დამახასიათებელი და ისეთი ოცნებები, ალბათ ბევრი თქვენგანისთვისაც რომ ნაცნობია. ჰოდა, ასეთი ერთ-ერთი საერთო ოცნების შესახებ მინდა მოგიყვეთ.

ჩვენს ბავშურ ოცნებებსა და ფიქრებში ერთ-ერთი ის იყო, რომ ჩვენს თავებს “ჩარლის ანგელოზებს” (ცოტაღა გვაკლდა :D ) ვუწოდებდით, ოღონდ ჩარლი არ გვყავდა და ვინ იყო, არც ის ვიცოდით.

ერთხელ გუკამ იყიდა ძალიან ლამაზი ბლოკნოტი. იმის გამო, რომ თვითონ საშინლად არ უყვარდა წერა, მაგრამ უყვარდა ლექსების კითხვა, მე მომცა (როგორც იქიდანვე ცნობილ წერომანს: ბავშვობიდან ვგიჟდებოდი წერის პროცესზე, შემეძლო მთელი დღე მეწერა გაუჩერებლად). მთხოვა: ლექსები ჩამიწერე და რითაც გინდა იმით გამივსეო. წამოვიღე სახლში და დამებადა ერთი იდეა: გამეკეთებინა საერთო დღიური, რომელშიც დავწერდით სამივე დაქალი. გოგოებსაც მოეწონათ ეს აზრი და გავაკეთეთ.

დღიურის გარეკანი



დღიურის პირველი გვერდი, რომელზეც თარგმნილია ბლოკნოტის ინგლისური წარწერა ლიზა ჯეინისაგან (ამ ბლოკნოტების მწარმოებელი კომპანიის მფლობელია მგონი)


დღიურის წერის წესები და პირობები მქონდა შემუშავებული: რიგრიგობით უნდა დაგვეწერა, აუცილებელი იყო თარიღი და ბოლოში ხელმოწერა. მერე ფოტოებსაც ვაკრავდით, ლექსებსაც ვწერდით, ვხატავდით კიდეც შეძლებისდაგვარად.

ჩემი შედევრ-წინასიტყვაობა :D


ამის პარალელურად, პირადი დღიურები და ლექსების რვეულებიც უამრავი გვქონდა. ვოცნებობდით, რომ გავიზრებოდით, გვქონოდა ერთი საერთო, პატარა სახლი, სადაც შევინახავდით ამ ჩვენს ბავშვობის ჩანაწერებს, ოღონდ ამ ბინის არსებობა ჩვენს ქმრებს არ უნდა სცოდნოდათ. :D ხანდახან ჩუმად შევიკრიბებოდით ჩვენს საერთო სახლში, წავიკითხავდით ძველ ჩანაწერებს და მოგონებებით ვიხალისებდით, მერე ჩვენს შვილებსაც ვანახებდით….

თუ არ ვცდები, დაახლოებით ერთი წელი ვწერდით. მერე ეკუშკები ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და მე და გუკამ “ჩარლის ანგელოზების დღიური” (ასე ვეძახდით) სამახსოვროდ მას გავატანეთ. მერე ეკამ სხვა ახალი ბლოკნოტი გამოგვიგზავნა: წერა გააგრძელეთ მანდო, მაგრამ უკვე ცოტა მოზრდილები ვიყავით, თანაც “ტრიო” დაიშლილი იყო, გუკას წერა ეზარებოდა და სულ რამდენიმე ჩანაწერი გავაკეთეთ, მეტი ვერ გავქაჩეთ.

ამ შემოდგომით ეკუშკები იყო ჩამოსული საქართველოში. გავიხსენეთ წარსული და ჩვენი საერთო ბინის ქონის ოცნება. პოტენციურ მეორე ნახევრებსაც გავუზიარეთ და “შევუგდეთ” : არ გინდათ, თქვენს მომავალ ცოლუკებს ბავშვობის ოცნება აუხდინოთო. მაგრამ მათი ღიმილიანი სახით თუ ვიმსჯელებთ, ერთი და იგივე აზრი უტირალებდათ თავში: “ვაი, თქვენს პატრონს!” :D აშკარად არ მოიხიბლნენ ბინისთვის “ობშიაკის” აგროვების იდეით. :D

თუმცა, ცხოვრება ჯერ წინაა. ხანდახან სასწაულებიც ხდება და ოცნებებიც. ჰოდა, რა იცით, იქნებ ერთ დღესაც ახდეს ბავშვური ფიქრები და ერთ, პატარა, ლამაზ და ვარდისფერ სახლში ჩვენ სამნი ისევ გავხდეთ ხოლმე “ჩარლის ანგელოზები”

ჩვენ :)


პ.ს. ფოტოების მოწოდებისთვის დიდი მადლობა ეკუშკებს. მენატრები ბეკეკო :*

вторник, января 12, 2010

მკრეხელური პოსტი



ესეც დაპირებული სტარტი :)
დღევანდელი ჩემი პოსტი ეხება ისეთ თემას, რომელზე საუბარიც ხშირად ტაბუირებულია და მკრეხელობად მიიჩნევენ. ვაღიარებ, რომ მე თვითონაც მიმიცია შენიშვნა მსგავს თემაზე საუბრისას ჩემი ათეისტი ან უბრალოდ მღვდლების რომ არ სწამთ, ისეთი მეგობრებისთვის. არ ვაპირებ რელიგიის ან ვინმეს გაკიცხვას, ურალოდ მინდა ერთი ფაქტის კონსტანტაცია მოვახდინო.
2 იანვარს პატარა ბაია მოვნათლე. ეს ჩემი მეორე ნათლულია და ასე თუ ისე, ამ ცერემონიის მსვლელობა ჩემთვის უცხო არ იყო. თუმცა მაინც გაოგნებული წამოვედი იქიდან. მიზეზი მღვდლის მიერ განხორციელებული რამდენიმე ქცევა და მისი სიტყვები იყო.
რამდენიმე (დაახლოებით 6-7 ) ადამიანის ნათლობა ერთად ჩაატარა. მართალია, ასე პატრიარქსაც აქვს სახალხო ნათლობის პროცესი, მაგრამ, ალბათ, ამასაც თავისი ფორმა უნდა ქონდეს. ლოცვებს ისეთი სისწრაფით კითხულობდა, რომ არათუ სიტყვების, ბგერების აღქმასაც კი ვერ ვახერხებდი. რატომღაც საშინლად ეჩქარებოდა ამ კაცს ნათლობის დასრულება და ნათლიები ერთ ფაციფუცში ჩაგვყარა.
ერთი ქალბატონი უხეშად გააძევა ოთახიდან იმის გამო, რომ ატირებულ ბავშვს გასაჩუმებლად კანმფეტი მისცა. ჯერ დაუყვირა: ხელს მიშლი და გადი აქედანო. ქალმა ბოდიში მოუხადა და კართან დადგა, მღვდელი მიუტრიალდა და დაუყვირა: გარეთ მაგ კარების იქითააო. ამას მოყვა მეორე "შეტევა" ერთ-ერთ ნათლიაზე, რომელსაც საკმაოდ პუტკუნა მოსანათლი ყავდა და ძლივს ეკავა ხელში. მასაც იმავე ტონით დაუყვრა: ბავშვი არ შემოგიბრუნდეს და მირონი არ წაგისვას, თორემ დაგიჭრი მაგ ტანსაცმელს და შიშველს გაგიშვებ აქედანო. ისედაც ხელისკანკალით მეკავა მოცუცქნული 40 დღის ბავშვი და ამის გაგონებაზე, მთლად დავფრთხი: ბავშვმა ახლა თავის ქნევა არ დაიწყოს და მირონი არ მომაცხოს-მეთქი :).
თუმცა ეს არაფერი, მთავარი კულმინაციური დარტყმა ბოლოს მივიღე. ნათლიები თავისთან გვიხმო, ნათლობის წიგნაკების ასაღებად და იმის სათქმელად, რომ იქვე მდგარ შესაწირავის თეფშში ფულის ჩაგდება არ დაგვვიწყებოდა. ერთ-ერთმა ნათლიამ ხურდა ფული ჩაყარა და ჩხარუნის ხმა რომ გაიგო მღვდელმა, გადაირია და დაიყვირა: ე, ბიჭო, მოდი აქ, რა ხურდებს ყრიო.
წამოვედი იქიდან და უკვე ნათლულის ოჯახში სუფრაზე, დიდი კამათი გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით. ეს კაცი ჩემი ნათლულის მამიდის მოძღვარი ყოფილა და კბილებით დაუწყო დაცვა. ოღონდ ისეთი რაღაცები თქვა, რომ უფრო მეტი შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა იმ კაცზე. მთავარი არგუმენტი ქონდა ის, რომ - აბა არ უნდა იცოდეს, ამხელა “მუტრუკმა” (დაახლოებით ამ მნიშვნელობით თქვა, ზუსტად ეს სიტყვა არ უთქვამს : ) ) პოტენციურმა ნათლიამ, რომ როცა მოსანათლად მიდის ფული უნდა ქონდეს თან და ხურდები არ უნდა ჩაყაროს შესაწირში. ვერაფრით ვერ ავუხსენი, რომ ამქვეყანად არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც ის ხურდა ფული ძირითადი საზრდოა და არ შეიძლება ეკლესიაში არსებული “სტავკების” გამო ნათლობის უფლება ჩამოერთვათ. ბიბლიის ის ეპიზოდიც გავახსენეთ, სადაც ქვრივი ქალი მცირე შესაწირს ჩააგდებს და ერთი მდიდარი ბევრს ჩაყრის, იესო კი ამბობს, რომ ამ ქვრივს უფრო მეტი საზღაური ექნება ცათა სასუფეველში, რადგან მან, რაც ებადა, ის მთლიანად გაიღო.
გავიგე ისიც, რომ ეს ადამიანი აღსარებას ჯგუფურად იბარებს: დააყენებს მრევლს და ხმამაღლა აკითხებს ერთად თავიანთ ცოდვებს – ზოგჯერ კი იმასაც ეუბნება - ვისაც რა ცოდვა გაქვთ ყველაზე ხმამღლა იყვირეთო. მაშინ რაღა საჭიროა არსებობდეს ტერმინი “აღსარების საიდუმლო”?!
რაღა ბევრი გავაგრძელო და ერთი კითხვა მაქვს: როგორ ფიქრობთ, არ უნდა არსებობდეს რაიმე მონიტორინგის საშუალება საპატრიარქოს მხრიდან, იმისათვის რომ მსგვსი საქციელი ამხილონ? ზუსტად ასეთი მღვდლების არსებობის გამო აღარ სჯერა ხალხს აღარცერთი მღვდლის (მაგალითად დედაჩემს). არადა ყველას ერთ ქვაბში ნამვილად ვერ მოვხარშავთ.
ღმერთმა შემინდოს, თუ ეს პოსტი ჩემი მხრიდან მკრეხელობაა. ღმერთისაც მწამს, ეკლესიისაც და მღვდლისაც (ოღონდ იმ კაცისნაირების არა) და არავის განკითხვას არ ვაპირებ: უბრალოდ მჯერა, რომ ღმერთმა გონება და აზროვნება იმისთვის მოგვცა რაღაც-რაღაცები რომ გავაანალიზოთ და ბრმად ყველაფრის (და ყველა მღვდლის!!!) არ დავიჯეროთ.


понедельник, января 11, 2010

ახალი წელი, ახალი შემართებით!

ცუდი გოგო ვარ!!! ძალიან ცუდი!!! :( ჩემი უკანასკნელი პოსტი 7 თვის წინ დაიწერა (ამ ბლოგზე, თორემ ექო-რუზე რაღაცას ვხლაფორთობდი ხოლმე). თავიდან დიდი შემართებით დავიწყე ბლოგზე წერა. მახსოვს, თავზე მათენდებოდა დიზაინის შერჩევასა და ტექნიკური პროცედურების გარკვევაში (ჩემი სუსტი წერტილი!), მერე კი - ასე ჩავფლავდი. :(
მაგრამ სჯობს ოდესმე, ვიდრე არასდროსო (როგორც მე ვიტყოდი :) ), ხოდა მგონი ეს ოდესმეც დადგა. :) დღეს ბლოგროლზე დავრეგისტრირდი და ვაპირებ, რომ აქტიურად თუ არა, შეძლებისდაგვარად ხშირად მაინც დავწერო ხოლმე პოსტები.
ასე რომ, გელოდებით ჩემთან სტუმრად , ხანდახან შემოირბინეთ- რა იცით, იქნებ და რაიმე საინტერესოს გადააწყდეთ :)