Показаны сообщения с ярлыком ფსიქოლოგია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ფსიქოლოგია. Показать все сообщения

суббота, марта 06, 2010

პროფესიებში დაკარგულის პოსტი

დღეს, გაღვიძებისთანავე ვებრძვი ბოლო პოსტში, საკუთარ თავში აღმოჩენილ დაავადებას. რახან ვწერ, ე.ი. ერთი ნაბიჯით უკვე წინ ვარ - გამოჯანმრთელებისკენ! :)


დღეს იმ სატკივარზე მინდა დავწერო, აგერ უკვე 4 წელია რომ მაწუხებს და საკუთარი მომავლის არასწორად დაგეგმვა რომ ქვია.
ციტირება ჩემი პირველი, ავტობიოგრაფიული პოსტიდან:
“9 კლასი რომ დავამთავრე, სერიოზულად დავფქრდი, რა პროფესია უნდა ამერჩია. აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე და მის ფარგლებს გარეთაც: პოლიტიკით დაწყებული, ასტრონომია-ასტროლიგიით დამთავრებული. გადავწყვიტე ჟურნალისტი გავმხდარიყავი, რადგან ამ პროფესიის ადამიანს მრავალმხრივი ცოდნა მოეთხოვება.”


ჰოდა, მანდედან დაიწყო შეცდომებიც!!!
წინა სემესტრში გავიარე შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, რომელშიც შევეხეთ პროფორიენტაციის საკითხს. ეს გახლავთ შრომის ფსიქოლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანს ეხმარება პროფესიის არჩევაში, კარიერაში არსებული სიძნელეების აღმოჩენა-გადალახვაში და ა.შ. ყოფილა სპეციალური პროფორიენტაციის ცენტრებიც, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეს შეუძლია მივიდეს და დაადგინოს, რომელი სპეციალობისთვის შესაფერისი უნარების მფლობელია და საერთოდაც, უხეშად რომ ვთქვათ, რომელ პროფესიაში ივარგებს, რომელი პროფესია უნდა და რომელი გამოადგება.





ყველაზე დიდი პლუსი ამ ცენტრებისა, ჩემი აზრით, ის არის, რომ მათთან მისულ ადამიანს შეძლებისდაგვარად აწვდიან ძირითად ინფორმაციას სხვადასხვა პროფესი
ზე (ანუ რეალურად რას წარმოადგენენ, ყოველგვარი რომანტიზმის საბურველში გახვევის გარეშე), რა უნარებია საჭირო ამა თუ იმ პროფესიის ადამიანისთვის და რამდენად არის მასზე მოთხოვნა შრომის ბაზარზე (ანუ რეალური დასაქმების პერსპექტივები).
ჩემს შემთხვევაში ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების გათვალისწინებით, ასეთ სურათს ვიღებთ:
1ჟურნალისტიკას რომანტიკულ საბურველში გახვეულს ვხედავდი და ვეტრფოდი (ამ სიტყვის, სრული მნიშვნელობით), სინამდვილეში კი, წარმოდგენაც არ მქონდა რა ჩიტიც ბრძანდებოდა; :)
2.რახან, ასე თუ ისე, წერა მეხრხებოდა და “გატლეკილიც” ვიყავი, მეგონა, ეგ არის და გორის ციხე, მეტი არაფერი მჭირდება-მეთქი;
3.სულაც არ ვიცოდი, რომ ეს შენი ჟურნალისტები შრომის ბაზარზე კონა 20 თეთრადაც არავის ჭირდება და ეს მოცუცქნული ქვეყანა ვერაფრით ვერ დაასაქმებს წელიწადში მინიმუმ 500 ახალგამოჩეკილ ჟურნალისტს.


ამ ყველაფერს, დაახლოებით, პირველი კურსის ბოლოს, ან მეორე კურსის დასაწყისში მივხვდი. თუმცა რაღაც იმედის ნაპერწკალი კიდევ მქონდა, ან ალბათ ბავშვობის ოცნებას ვერ ვუღალატე და ამიტომ არ გადმოვიტანე ჩემი მეორადი სპეციალობა, ფსიქოლოგია, ძირი
ადად. მომდევნო კურსზე თავს იმით ვიმშვიდებდი, მაგისტრატურაში შევიცვლი სპეციალობას-მეთქი. აი, მოვიდა ბოლო კურსის ბოლო სემესტრიც და მე ისევ წარმოდგენა არ მაქვს: რა მინდა, რა შემიძლია და რა გამომადგება (აუცილებელი სამი კომპონენტი საკუთარი პროფესიით კმაყოფილებისათვის) :(



ამ წელს კი, მეორე მოულოდნელობა დამატყდა თავს და მეც ვერ გავაცნობიერე, ისე აღმოვჩნდი სკოლის მასწავლებლად კერძო სკოლაში, არადა ვერასოდეს წარმოვიდგენდი ჩემს თავს პედაგოგად, სად მქონდა ბვშვების ნერვები (თურმე მქონია :) )।


















ვარ ასეთ გაურკვევლობაში და ერთადერთი, რასაც ვაკეთებ, ისაა, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ვაძლევ რჩავას, ჩემსავით არ შეცდნენ და სანამ ფაკულტეტების პრიორიტეტულ სიას შეავსებენ, დაფიქრდნენ: რა უნდათ, რა შეუძლიათ და რა გამოადგებათ!!!






воскресенье, мая 10, 2009

უწყინარი ფანობიდან ფანატიზმამდე



ბოლო ხანებში მოზარდებში განსაკუთრებით იმატა ფანად გახდომის ტენდენციამ. საკმარისია ფართო აუდიტორიის წინაშე (უმეტესად ტელევიზიით) გამოჩნდეს კონკრეტული პიროვნება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი თვალყურის დევნების საშუალება მოგვეცეს, რომ მას მაშინვე გამოუჩნდებიან ფანები. ამას ქართულ ტელესივრცეში რეალური შოუების მატებამაც შეუწყო ხელი: სრულიად უცნობი გოგო-ბიჭები ძალიან მცირე ხანში ხდებიან კუმირები. ფანები ჰყავთ მომღერლებს, მსახიობებს, ფეხბურთელებს და დღევანდელ პოლიტიზირებულ ცხოვრებაში, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკოსებსაც. იმაზე თუ რატომ ხდებიან ადამიანები ფანები, არის თუ არა ეს ნორმა და რა შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული ადამიანის გაიდიალებას, ფსიქოლოგი ელენე კვანჭილაშვილი გვესაუბრა.

- ქალბატონო ელენე, ვინ არიან ფანები?

- ფანები არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პიროვნებას აიდიალებენ და მათით ზედმეტად არიან მოხიბლულნი. გაიდიალება ხდება როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე ადამიანთა ჯგუფისაც, მაგალითად: ფეხბურთის გუნდის, მუსიკალური და პოლიტიკური დაჯგუფებისაც კი. ფანები აღფრთოვანებულები არიან თავიანთი იდეალების გარეგნობითა თუ შინაგანი სამყაროთი და ხშირად მათ იმ თვისებებსაც მიაწერენ, რომლებიც რეალურად არ გააჩნიათ.

- ანუ ფანების წარმოდგენა თავიანთ კუმირზე გაზვიადებულია?


- დიახ, ხშირ შემთხვევაში ასეა. როგორც წესი, ის ობიექტები, ვის მიმართაც ფანატიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, მათთვის უცნობები არიან. ქვეცნობიერად ცდილობენ იდეალის მხოლოდ დადებითი თვისებები დაინახონ და უარყოფითს ვეღარ ამჩნევენ. შესაბამისად იდეალს იდეალურ ადამიანად ხატავენ, რაც, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია.

- ქალბატონო ელენე, რატომ ხდებიან ადამიანები ფანები? ეს ნორმაა?

- საერთოდ, ფანობა, ანუ ვინმეთი ან რაიმეთი ზეგატაცება ხშირ შემთხვევაში გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდისთვისაა დამახასიათებელი. სოციალიზაციის, განვითარების პერიოდში ადამიანს ყოველთვის აქვს სწორების, ანუ “ვიღაცისნაირად” ყოფნის სურვილი. განვითარების საწყის ეტაპზე ეს “ვიღაც’ ხშირად მშობელია. ამ შემთხვევაში იდეალის არსებობა პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუკი ის ფანატიზმში გადავა და ასაკის მატებასთან ერთად არ გაქრება, მაშინ ეს უკვე გადახრა იქნება.

- რა უნდა ქნას მშობელმა მაშინ, თუკი შვილის იდეალი გახდა უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანი, მაგალითად კრიმინალური ავტორიტეტი?


- ღირებულებების გადაფასების გამო, ადვილი შესაძლებელია ბავშვი გახდეს როგორც “მისაღები”, ასევე “მიუღებელი” თვისებების მქონე ადამიანის ფანი. იგივე, დეტექტიურ ნაწარმოებში დადებითად დახატული ქურდული სამყაროს წარმომადგენელი შეიძლება ბავშვმა გააიდეალოს. ამ შემთხვევაში მკაცრი აკრძალვა და მოთხოვნა-უარი თქვას იდეალზე, უშედეგოა. მშობელმა არაპირდაპირი, ირიბი გზით უნდა სცადოს შვილის ღირებულებების შეცვლა: შესაძლოა იდეალის მცირე უარყოფით თვისებებზე გაამახვილებინოს ყურადღება, შესთავაზოს სხვა დადებითი თვისებების გმირი (მაგალითად, ნაწარმოების პერსონაჟი), ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს. თუ ბავშვს ეუბნები, რომ მისი იდეალი “არასწორია”, ეს აუცილებლად უნდა დაუსაბუთო და გასაგებად აუხსნა.

- რა ხდება უფროს ასაკში, როდესაც, მაგალითად ქვეყნის ლიდერი ხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის იდეალი?

- ამ დროს ცოტა რთულია განმტკიცებული რწმენების მოშლა, მით უმეტეს, როცა ამას მასობრივი ხასიათი აქვს, დიდი ალბათობაა ის დესტრუქციულ ძალად იქცეს. როდესაც ფანატიზმი დიდი ხნისაა და თან ასაკიანი ადამიანია ფანატიკოსი, რაც უფრო ვეცდებით გადარწმუნებას, ის მით უფრო განამტკიცებს თავის რწმენას. ეს პროცესი უფრო რთულია, თუკი ფანატიზმის ობიექტი გარდაცვლილია, რადგან ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ. ამ შემთხვევაში იდეალის უარყოფითი თვისებების ჩვენება ვერ დაგვეხმარება. უბრალოდ, შესაძლებელია მისი კონტროლი, რათა ფანატიზმის გამოვლენის ფორმა რადიკალური და ზიანის მომტანი არ იყოს.

- და ბოლოს, იდეალის ყოლის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

- იდეალის ყოლა არ არის ცუდი თუ ის ნორმის ფარგლებშია, პირიქით, ვინმეს დადებითი თვისებების გადმოღებამ შეიძლება სარგებელიც მოუტანოს ადამიანს. მაგრამ თუკი გაიდიალება ფანატიზმში გადაიზდრება, ეს უკვე პიროვნების ჩამოყალიბებას შეაფერხებს, მისი შინაგანი “მე” დაკარგავს იდენტობას და ვიღაც სხვა ადამინის ღირებულებებით დაიწყებს ცხოვრებას. ასე, რომ ზომიერება და საღად აზროვნებაა საჭირო.

აგრესია მოზარდებში



ბოლო პერიოდში მოზარდთა დაპირისპირებამ მასშტაბური სახე მიიღო. საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს, სახელმწიფო კი დანაშაულთა რიცხვის შესამცირებლად გარკვეულ ზომებს იღებს. თუმცა ამის მიუხედავად, მოზარდებში ძალადობის ფაქტები დღითიდღე მატულობს. რა განაპირობებს არასრულწლოვანთა აგრესიის ამგვარ გამოვლენას და რა ღონიძიებების გატარებაა საჭირო მოზარდთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესამცირებლად, ამის შესახებ ფსიქოლოგი, ქალბატონი ნაირა ძიძიგური ისაუბრებს.

- ქალბატონო ნაირა, თავდაპირველად იმ პრობლემებზე გვიამბეთ, რომლებიც ბავშვებში აგრესიის დაგროვებას იწვევენ.

- უმთავრესი პრობლემა აღზრდაში დაშვებული შეცდომებია. დღეს ადამიანები ყოფითი პრობლემებით არიან დათრგუნულები და ზოგადად მთლიანი საზოგადოება აგრესიულია. მშობლები, ძირითადად, მხოლოდ შვილების მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ამის გამო, ურთიერთობის დეფიციტი ჩნდება. მშობელთან სიახლოვე და მისთვის საკუთარი აზრის გაზიარება ბავშვის სწორად აღზრდისათვის უმთავრესი მომენტია. ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ პირველ რიგში, უნდა მოიპოვონ შვილის ნდობა და გახადონ ისინი გულახდილები. მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს რა პრობლემები აქვს ბავშვს. თუ მოზარდი არ არის გახსნილი დედ-მამასთან ურთიერთობისას, ის გულჩათხრობილი ხდება, რაც შემდეგ აგრესიის დაგრვებას იწვევს.
მეორე პრობლემა გარდატეხის ასაკში თვითდამკვიდრების პროცესია. მოზარდი ეძებს საზგადოებაში საკუთარ ადგილს და იმ მორალურ ნორმებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს. სამწუხაროდ, დღეს ურთიერთობებში ახალი ღირებულებები და ფასეულობები დამკვიდრდა, მოქმედებს ე.წ. “მგლური” კანონები. ამას წინათ მეხუთე კლასელი ბავშვი, რომელიც ახალ სკოლაში გადაიყვანეს, მეუბნებოდა: ვიბრძვი იმისათვის, რომ კლასში “მაყურებელი” გავხდეო. ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ, რა საშუალებებით ცდილობს მოზარდი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.

- როგორ მოქმედებენ სოციალური მაგალითები, იგივე მასმედიის საშუალებებით გადმოცემული ძალადობის სცენები მოზარდის ფსიქიკაზე?

- ადამიანი სოციალური არსებაა და ამდენად ის იზრდება სოციალური მაგალითებით. ფსიქოლოგებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ოთახში, რომელშიც პატარა გოგონა თამაშობდა, შეუშვეს ექსპერიმენტატორი. ის გოგონას თანდასწრებით ათი წუთის განმავლობაში თოჯინას თავში ჩაქუჩს ურტყავდა. ამის შემდეგ ექსპერიმენტატორი ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში გოგონამ ჩაქუჩი აიღო და ექსპერიმენტატორის ქცეა გაიმეორა, ანუ იფიქრა, რომ ამ საგანთან ასე უნდა მოიქცეს. ე.ი. ბავშვი იღებს იმ ნორმებს, რომელსაც მას საზოგადოება სთვაზაობს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ წიგნებს, მუსიკას, ფილმებს, თუ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებსაც მოზარდი ეცნობა. როდესაც ის კითხულობს მდარე ლიტერატურას, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი დადებითი გმირია, ეს მის ფსიქიკაში შთაბეჭდილებას ახდენს და იხიბლება. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა, მულტფილმები და კინოები ძალადობის სცენებითაა სავსე. როცა ამ ყველაფერს ბავშვი ყოველდღე ხედავს, ნელ-ნელა ეჩვევა და აგრესიული ქცევა მისთვის გარკვეულ ნორმად ყალიბდება. ამას კი იმ სავალალო შედეგამდე მივაყავართ, რომელიც დღეს ჩვენს რეალობაში ხდება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი მკვლელობების სიხშირის სახით.



- ქალბატონო ნაირა, როგორ აფასებთ სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს მოზარდთა დანაშაულის შემცირების მიზნით. ერთი პერიოდი იყო საუბარი ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე რომლის მიხედვითაც უკვე 12 წლიდან მოზარდი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცათ?

- არა, მე ამის მომხრე არა ვარ. პიროვნების ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში მთავრდება. თუკი ამ დროს ბავშვი ციხეში იქნება, ის მხოლოდ კრიმინალად ჩამოყალიბდება და ამ დამსჯელ ღონისძიებას დადებითი შედეგი არ ექნება.

- და ბოლოს: კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოზარდებს შორის გამოვლენილი გახშირებული სისასტიკის ფაქტები?

- როგორც დასაწყისში აღვნიშნე, პირველ რიგში, აუცილებელია მშობლის ყურადღება, დამოკიდებულება ბავშვისადმი. მათ შორის გულახდილი, მეგობრული დამოკიდებულება უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოზადებს დადებითი სოციალური მაგალითები ვაჩვენოთ, მივაწოდოთ ღირებული ლიტერატურა და სატელევიზიო გადაცემები. იმაში რაც დღეს ჩვნს ქვეყანაში ხდება, ოჯახთან ერთად დამნაშავეა სახელმწიფოც და მთლიანად საზოგადოებაც. ამიტომ ყველანი ერთად უნდა შევეცადოთ ბავშვების სწორად აღზრდას მეტი ყურადღება დავუთმოთ.