воскресенье, мая 10, 2009

უწყინარი ფანობიდან ფანატიზმამდე



ბოლო ხანებში მოზარდებში განსაკუთრებით იმატა ფანად გახდომის ტენდენციამ. საკმარისია ფართო აუდიტორიის წინაშე (უმეტესად ტელევიზიით) გამოჩნდეს კონკრეტული პიროვნება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი თვალყურის დევნების საშუალება მოგვეცეს, რომ მას მაშინვე გამოუჩნდებიან ფანები. ამას ქართულ ტელესივრცეში რეალური შოუების მატებამაც შეუწყო ხელი: სრულიად უცნობი გოგო-ბიჭები ძალიან მცირე ხანში ხდებიან კუმირები. ფანები ჰყავთ მომღერლებს, მსახიობებს, ფეხბურთელებს და დღევანდელ პოლიტიზირებულ ცხოვრებაში, რაღა თქმა უნდა, პოლიტიკოსებსაც. იმაზე თუ რატომ ხდებიან ადამიანები ფანები, არის თუ არა ეს ნორმა და რა შეიძლება მოჰყვეს კონკრეტული ადამიანის გაიდიალებას, ფსიქოლოგი ელენე კვანჭილაშვილი გვესაუბრა.

- ქალბატონო ელენე, ვინ არიან ფანები?

- ფანები არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეულ პიროვნებას აიდიალებენ და მათით ზედმეტად არიან მოხიბლულნი. გაიდიალება ხდება როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე ადამიანთა ჯგუფისაც, მაგალითად: ფეხბურთის გუნდის, მუსიკალური და პოლიტიკური დაჯგუფებისაც კი. ფანები აღფრთოვანებულები არიან თავიანთი იდეალების გარეგნობითა თუ შინაგანი სამყაროთი და ხშირად მათ იმ თვისებებსაც მიაწერენ, რომლებიც რეალურად არ გააჩნიათ.

- ანუ ფანების წარმოდგენა თავიანთ კუმირზე გაზვიადებულია?


- დიახ, ხშირ შემთხვევაში ასეა. როგორც წესი, ის ობიექტები, ვის მიმართაც ფანატიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, მათთვის უცნობები არიან. ქვეცნობიერად ცდილობენ იდეალის მხოლოდ დადებითი თვისებები დაინახონ და უარყოფითს ვეღარ ამჩნევენ. შესაბამისად იდეალს იდეალურ ადამიანად ხატავენ, რაც, რა თქმა უნდა, გაზვიადებულია.

- ქალბატონო ელენე, რატომ ხდებიან ადამიანები ფანები? ეს ნორმაა?

- საერთოდ, ფანობა, ანუ ვინმეთი ან რაიმეთი ზეგატაცება ხშირ შემთხვევაში გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდისთვისაა დამახასიათებელი. სოციალიზაციის, განვითარების პერიოდში ადამიანს ყოველთვის აქვს სწორების, ანუ “ვიღაცისნაირად” ყოფნის სურვილი. განვითარების საწყის ეტაპზე ეს “ვიღაც’ ხშირად მშობელია. ამ შემთხვევაში იდეალის არსებობა პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუკი ის ფანატიზმში გადავა და ასაკის მატებასთან ერთად არ გაქრება, მაშინ ეს უკვე გადახრა იქნება.

- რა უნდა ქნას მშობელმა მაშინ, თუკი შვილის იდეალი გახდა უარყოფითი თვისებების მქონე ადამიანი, მაგალითად კრიმინალური ავტორიტეტი?


- ღირებულებების გადაფასების გამო, ადვილი შესაძლებელია ბავშვი გახდეს როგორც “მისაღები”, ასევე “მიუღებელი” თვისებების მქონე ადამიანის ფანი. იგივე, დეტექტიურ ნაწარმოებში დადებითად დახატული ქურდული სამყაროს წარმომადგენელი შეიძლება ბავშვმა გააიდეალოს. ამ შემთხვევაში მკაცრი აკრძალვა და მოთხოვნა-უარი თქვას იდეალზე, უშედეგოა. მშობელმა არაპირდაპირი, ირიბი გზით უნდა სცადოს შვილის ღირებულებების შეცვლა: შესაძლოა იდეალის მცირე უარყოფით თვისებებზე გაამახვილებინოს ყურადღება, შესთავაზოს სხვა დადებითი თვისებების გმირი (მაგალითად, ნაწარმოების პერსონაჟი), ოღონდ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს. თუ ბავშვს ეუბნები, რომ მისი იდეალი “არასწორია”, ეს აუცილებლად უნდა დაუსაბუთო და გასაგებად აუხსნა.

- რა ხდება უფროს ასაკში, როდესაც, მაგალითად ქვეყნის ლიდერი ხდება მოსახლეობის დიდი ნაწილის იდეალი?

- ამ დროს ცოტა რთულია განმტკიცებული რწმენების მოშლა, მით უმეტეს, როცა ამას მასობრივი ხასიათი აქვს, დიდი ალბათობაა ის დესტრუქციულ ძალად იქცეს. როდესაც ფანატიზმი დიდი ხნისაა და თან ასაკიანი ადამიანია ფანატიკოსი, რაც უფრო ვეცდებით გადარწმუნებას, ის მით უფრო განამტკიცებს თავის რწმენას. ეს პროცესი უფრო რთულია, თუკი ფანატიზმის ობიექტი გარდაცვლილია, რადგან ქართული წეს-ჩვეულების მიხედვით, გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ. ამ შემთხვევაში იდეალის უარყოფითი თვისებების ჩვენება ვერ დაგვეხმარება. უბრალოდ, შესაძლებელია მისი კონტროლი, რათა ფანატიზმის გამოვლენის ფორმა რადიკალური და ზიანის მომტანი არ იყოს.

- და ბოლოს, იდეალის ყოლის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

- იდეალის ყოლა არ არის ცუდი თუ ის ნორმის ფარგლებშია, პირიქით, ვინმეს დადებითი თვისებების გადმოღებამ შეიძლება სარგებელიც მოუტანოს ადამიანს. მაგრამ თუკი გაიდიალება ფანატიზმში გადაიზდრება, ეს უკვე პიროვნების ჩამოყალიბებას შეაფერხებს, მისი შინაგანი “მე” დაკარგავს იდენტობას და ვიღაც სხვა ადამინის ღირებულებებით დაიწყებს ცხოვრებას. ასე, რომ ზომიერება და საღად აზროვნებაა საჭირო.

3 კომენტარი:

Sophie שרה Golden комментирует...

ფანატიზმი საშინელებაა მართლა. ადრე ვნახე ვიდეო პალესტინელ ბავშვებზე, რომლებსაც პატარაობიდან საშინელებას და ძალადობას ასწავლიან :| შემზარა ამის ნახვამ, არ ვიცი, როგორ შეიძლება ამის აღკვეთა.

ნინი комментирует...
Этот комментарий был удален администратором блога.
ნინი комментирует...

როცა მშობელი უნერგავს ფანატიზმს ბავშვს, ამის აღკვეთა ალბათ თითქმის შეუძლებელია. მაგრამ თუ სოციალური გარემოდან მოდის და მშობელიც ამჩნევს, რომ ეს გავლენა მის შვილზე ისახება, მაშინ თვითონ უნდა იკისროს თავის თავზე ამ გავლენის შესუსტება ბავშვში. ალბთ სპეციალისტის (ფსიქოლოგის) რჩევაც აუცილებელია, იმისთვის რომ არასწორი ჩარევით უფრო მეტად არ გაუმტკიცოს ფანატიზმი. ბავშვებში კიდე შეიძლება რამის გამოსწორება დროული ჩარევით, მარა აი უკვე ზრდასრულ ადამიანებს რომ სჭირთ ხოლმე (იგივე ზვიადისტები)-აქ უკვე ძნელია განმტკიცებული რწმენის მოშლა.