воскресенье, мая 10, 2009

აგრესია მოზარდებში



ბოლო პერიოდში მოზარდთა დაპირისპირებამ მასშტაბური სახე მიიღო. საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს, სახელმწიფო კი დანაშაულთა რიცხვის შესამცირებლად გარკვეულ ზომებს იღებს. თუმცა ამის მიუხედავად, მოზარდებში ძალადობის ფაქტები დღითიდღე მატულობს. რა განაპირობებს არასრულწლოვანთა აგრესიის ამგვარ გამოვლენას და რა ღონიძიებების გატარებაა საჭირო მოზარდთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესამცირებლად, ამის შესახებ ფსიქოლოგი, ქალბატონი ნაირა ძიძიგური ისაუბრებს.

- ქალბატონო ნაირა, თავდაპირველად იმ პრობლემებზე გვიამბეთ, რომლებიც ბავშვებში აგრესიის დაგროვებას იწვევენ.

- უმთავრესი პრობლემა აღზრდაში დაშვებული შეცდომებია. დღეს ადამიანები ყოფითი პრობლემებით არიან დათრგუნულები და ზოგადად მთლიანი საზოგადოება აგრესიულია. მშობლები, ძირითადად, მხოლოდ შვილების მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნავენ. ამის გამო, ურთიერთობის დეფიციტი ჩნდება. მშობელთან სიახლოვე და მისთვის საკუთარი აზრის გაზიარება ბავშვის სწორად აღზრდისათვის უმთავრესი მომენტია. ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ პირველ რიგში, უნდა მოიპოვონ შვილის ნდობა და გახადონ ისინი გულახდილები. მშობელმა ყოველთვის უნდა იცოდეს რა პრობლემები აქვს ბავშვს. თუ მოზარდი არ არის გახსნილი დედ-მამასთან ურთიერთობისას, ის გულჩათხრობილი ხდება, რაც შემდეგ აგრესიის დაგრვებას იწვევს.
მეორე პრობლემა გარდატეხის ასაკში თვითდამკვიდრების პროცესია. მოზარდი ეძებს საზგადოებაში საკუთარ ადგილს და იმ მორალურ ნორმებს, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს. სამწუხაროდ, დღეს ურთიერთობებში ახალი ღირებულებები და ფასეულობები დამკვიდრდა, მოქმედებს ე.წ. “მგლური” კანონები. ამას წინათ მეხუთე კლასელი ბავშვი, რომელიც ახალ სკოლაში გადაიყვანეს, მეუბნებოდა: ვიბრძვი იმისათვის, რომ კლასში “მაყურებელი” გავხდეო. ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ, რა საშუალებებით ცდილობს მოზარდი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.

- როგორ მოქმედებენ სოციალური მაგალითები, იგივე მასმედიის საშუალებებით გადმოცემული ძალადობის სცენები მოზარდის ფსიქიკაზე?

- ადამიანი სოციალური არსებაა და ამდენად ის იზრდება სოციალური მაგალითებით. ფსიქოლოგებმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ოთახში, რომელშიც პატარა გოგონა თამაშობდა, შეუშვეს ექსპერიმენტატორი. ის გოგონას თანდასწრებით ათი წუთის განმავლობაში თოჯინას თავში ჩაქუჩს ურტყავდა. ამის შემდეგ ექსპერიმენტატორი ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანში გოგონამ ჩაქუჩი აიღო და ექსპერიმენტატორის ქცეა გაიმეორა, ანუ იფიქრა, რომ ამ საგანთან ასე უნდა მოიქცეს. ე.ი. ბავშვი იღებს იმ ნორმებს, რომელსაც მას საზოგადოება სთვაზაობს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ წიგნებს, მუსიკას, ფილმებს, თუ სატელევიზიო გადაცემებს, რომლებსაც მოზარდი ეცნობა. როდესაც ის კითხულობს მდარე ლიტერატურას, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი დადებითი გმირია, ეს მის ფსიქიკაში შთაბეჭდილებას ახდენს და იხიბლება. დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკას დაემსგავსა, მულტფილმები და კინოები ძალადობის სცენებითაა სავსე. როცა ამ ყველაფერს ბავშვი ყოველდღე ხედავს, ნელ-ნელა ეჩვევა და აგრესიული ქცევა მისთვის გარკვეულ ნორმად ყალიბდება. ამას კი იმ სავალალო შედეგამდე მივაყავართ, რომელიც დღეს ჩვენს რეალობაში ხდება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი მკვლელობების სიხშირის სახით.



- ქალბატონო ნაირა, როგორ აფასებთ სახელმწიფოს მიერ მიღებულ ზომებს მოზარდთა დანაშაულის შემცირების მიზნით. ერთი პერიოდი იყო საუბარი ახალი კანონპროექტის შემუშავებაზე რომლის მიხედვითაც უკვე 12 წლიდან მოზარდი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცათ?

- არა, მე ამის მომხრე არა ვარ. პიროვნების ჩამოყალიბება გარდატეხის ასაკში მთავრდება. თუკი ამ დროს ბავშვი ციხეში იქნება, ის მხოლოდ კრიმინალად ჩამოყალიბდება და ამ დამსჯელ ღონისძიებას დადებითი შედეგი არ ექნება.

- და ბოლოს: კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოზარდებს შორის გამოვლენილი გახშირებული სისასტიკის ფაქტები?

- როგორც დასაწყისში აღვნიშნე, პირველ რიგში, აუცილებელია მშობლის ყურადღება, დამოკიდებულება ბავშვისადმი. მათ შორის გულახდილი, მეგობრული დამოკიდებულება უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოზადებს დადებითი სოციალური მაგალითები ვაჩვენოთ, მივაწოდოთ ღირებული ლიტერატურა და სატელევიზიო გადაცემები. იმაში რაც დღეს ჩვნს ქვეყანაში ხდება, ოჯახთან ერთად დამნაშავეა სახელმწიფოც და მთლიანად საზოგადოებაც. ამიტომ ყველანი ერთად უნდა შევეცადოთ ბავშვების სწორად აღზრდას მეტი ყურადღება დავუთმოთ.

2 კომენტარი:

nastasia комментирует...

ashkarad seriozuli problemaa,magram mosardebshi agresiis shesamcireblad jer zrdasrulebshi unda shemcirdes,an kontrolirdes da sazoagdoeba unda iyos met-naklebad dalagebuli da araaggznebuli....xoooda,ise,saanm magas mivagcevt,bavshvi met dakavebuli unda iyos da naklebi dro darcheba tojinistvis tavshi chaquchis sartymelad...

Анонимный комментирует...

Hello. And Bye.