воскресенье, мая 10, 2009

ავტობიზნესი კრიზისის ფონზე



საქართველოში ავტობაზარი მომხმარებელთა ნაკლებობას განიცდის. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა მდგომარებამ, საბანკო სექტორის მიერ კრედიტების გაცემის პირობების გამკაცრებამ და რაღა თქმა უნდა, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, ავტოიმპორტიორებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. არსებული კრიზისული სიტუაცის გამოსასწორებლად ზოგიერთმა ავტოდილერმა უპროცენტო შიდა განვადების სისტემა შემოიღო. თუმცა ამ ახალი სერვისის წარმატებულ მუშაობას საბანკო სექტორის წარმომადგენლები ეჭვის თვალით უყურებენ.


საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ ბიზნესისათვის შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა, საბანკო სექტორის მიერ კრედიტების გაცემის პირობების გამკაცრება და მსოფლიო ფინანსური კრიზისი - ეს იმ მიზეზთა ჩამონათვალია, რომლითაც საქართველოში არსებული საავტომობილო კომპანიები თავიანთი გაყიდვების
70%-ით შემცირების ფაქტს ხსნიან.

“მსოფლიო ფინანსური კრიზისი ყველა ავტოდილერს შეეხო. ამას ისიც დაემატა, რომ დღეისათვის ავტოგანვადებას სულ ოთხიოდე ბანკი აკეთებს. სწორედ ამ მიზეზების გამო, უკანასკნელ პერიოდში ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი 50%-ზე მეტად შემცირდა.”- აცხადებს “კია მოტორს ჯორჯიას” გაყიდვების მენეჯერი ნატო შუბითიძე.

კომპანია “მათე მოტორსის” გაყიდვების მენეჯერმა ალექსი ნებუნიშვილმა კი რეალიზაციის რაოდენობის 70%-იანი კლების შესახებ გვაცნობა:
“ფინანსური კრიზისის ფონზე, მსოფლიო ავტომწარმოებლების მსგავსად, ჩვენთანაც შემცირებულია რეალიზაცია. სიტყვაზე, თუკი აქამდე 10 ავტომანქანა იყიდებოდა ახლა მხოლოდ 3 იყიდება.”

რაც შეეხება საბანკო სექტორს, რამდენიმე ბანკი ავტოგანვადებების სერვისს კლიენტებს კვლავაც სთავაზობს, ოღონდ შედარებით გაზრდილი საპროცენტო განაკვეთითა და გამკაცრებული პირობებით:

“უკანასნელ პერიოდში ავტოგანვადებებზე მოთხოვნა დაახლოებით 70%-ით შემცირდა, თუმცა ეს სერვისი ჩვენს ბანკში კვლავაც ფუნქციონირებს. უბრალოდ საპროცენტო განაკვეთია ცოტათი გაზრდილი და ის ახლა 20%-იდან 24%-მდეა. რაც შეეხება ვადებს, ახალ მანქანებზე 5 წლიან განვადებას ვაკეთებთ, მეორადებზე კი 3 წლიანს. აგვისტოს მოვლენების შემდეგ საკრედიტო პირობებიც გავამკაცრეთ. თუკი ადრე სესხის აღება მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე იყო შესაძლებელი, ახლა მინიმალური შენატანი გავზარდეთ და კლიენტის საკრედიტო ისტორიასაც დიდ ყურადრებას ვაქცევთ.”-განაცხადა ჩვენთან საუბარში “თი ბი სი ბანკის” პროდუქტების მენეჯერმა აკაკი სანიკიძემ.


ავტოგანვადებების სერვისზე მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად “ბანკ რესპუბლიკის” წარმომადგენელი გიორგი სულაძე მომხმარებლის მხრიდან ავტომანქანებზე ფასის კიდევ უფრო კლების მოლოდინსაც ასახელებს:
“ავტოგანვადებებზე მოთხოვნა მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე შემცირებულია. კლინეტები ამ ეტაპზე მანქანების ყიდვისგან უმეტესად თავს იკავებენ და ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირებას ელოდებიან.”

შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად რამდენიმე ავტოდილერმა 18 თვიანი უპროცენტო შიდა განვადების სისტემა დანერგა, როგორც კორპორტიული ასვე ინდივიდუალური კლიენტებისათვის. აღნიშნული სერვისი მუშაობს “მათე მოტორსშიც” და “იბერია ბიზნეს ჯგუფის” კუთვნილ “კია მოტორს ჯორჯიაშიც”. თუმცა უპროცენტო შიდა განვადების წარმატებით მუშაობას საბანკო სექტორი ეჭვის თვალით უყურებს:

“თუკი ავტოდილერები ამ საქმის გაკეთებას შეძლებენ, მათთვის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს სერვისი არ გაამართლებს. მათ არ აქვთ ის ელმენტარული ტექნოლოგია, რომლითაც რისკ-ფაქტორების შეფასებას შეძლებენ. ფინანსური დაწესებულა, ამ შემთხვევაში ბანკი, სწორედ იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ მას კრედიტის გაცემისას კლიენტისა და რისკების ანალიზის საშუალება აქვს.”-აცხადებს გიორგი სანიკიძე.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ ავტოდილერებს. როგორც “იბერია ბიზნეს ჯგუფის” გაყიდვების მენეჯერმა ლევან აროშიძემ გვითხრა, ისინი საკმაოდ ადვილად აფასებენ რისკ-ფაქტორს:

“ჩვენ მარტივი შეფასების სისტემა გვაქვს: მინიმალური შენატანი 40%-ია. ავტომობილის საფასურის ამოღება ნებისმიერ შემთხვევაში შეგვიძლია. ვთქვათ, კლიენტმა ჩვენი განვადებით 20 ათას ლარიაანი ავტომობილი შეიძინა, 8 000-ს ის პირველივე შეტანაზე იხდის, თუ შემდეგ ის ვეღარ შემოიტანს ფულს, ამ შემთხვევაში, 20 000-იან მანქანას ჩვენ 12 000-ად მაინც გავყიდით და ფულის ამოღებას შევძლებთ. გარდა ამისა, თითოეული ავტომობილი დაზღვეულია. ერთი თვეა, რაც ეს სერვისი დავნერგეთ და დაახლოებით 30-მდე მანქანა გაიყიდა. შიდა განვადების ასამუშავებლად ჩვენი სარეზერვო ფონდი გამოვიყენეთ და ხარჯების მინიმალიზაცია მოვახდინეთ. ამ სერვისით უფრო მეტად კორპორატიული კლინტები ინტერსდებიან.”

შიდა განვადებების სერვისს დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს ავტომობოლთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ობგაიძეც:

“ეს სისტემა მიკრო საფინანსო დაკრედიტების ჩვეულებრივი სახეა. რა თქმა უნდა რისკ-ფაქტორის დონე მაღალია, თუმცა ბიზნესისთვის ეს ჩვეულებრივი რამაა და მისი ხიბლიც სწორედ საჭირო დროს გარკვეულ რისკზე წასვლაშია.”

შალვა ობგაიძის აზრით, თუკი არსებული მგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის დახმარების ღონისძიება არ განხორცილედება, ავტობიზნესში არსებული კრიზისი მასთან დაკავშირებულ უამრავ სხვა ბიზნესსაც მიაყენებს ზიანს:

“აუცილებელია, რომ საავტომობილო ბიზნესის დასახმარებლად ხელისუფლების მხრიდან გარკვეული ქმედითი ღონისძიებები გატარდეს. ეს შეიძლება იყოს დროებით საბაჟო ტარიფების შემცირება, იმპორტის ლიბერალიზაცია ან რაიმე სხვა სახის ხელშეწყობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისი უფრო მეტად გაღრმავდება. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა და საბანკო სექტორის მხრიდან კრედიტების გაცემის პირობების გამკაცრება უდიდესი დარტყმა იყო ავტოკომპანიებისათვის. თუკი არ მოხერხდა სახელმწიფო დონეზე ქმედითი ღონისძიებების გატარება, ავტობიზნესში არსებული კრიზისი მასთან დაკავშირებულ სხვა ბიზნესებზეც (ტექ-მომსახურება, ნავთობპროდუქტების გაყიდვები და ა.შ.) იმოქმედებს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებასა და უმუშევართა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.”

0 კომენტარი: