среда, мая 13, 2009

...



გიო ბებოსთან იზრდებოდა. მამა ბუნდოვნად ახსოვდა, თუმცა ცდილობდა არც ხსომებოდა, რადგან როგორც ბებო ეუბნებოდა, სწორედ ნაძირალა მამამისის ბრალი იყო, დედის უცხოეთში გადახვეწა.
ყურადღება სულაც არ აკლდა: ბებია თავზე დაფოფინებდა და ყველა სურვილს უსრულებდა. დედაც ბევრ ტანსაცმელს და სათამაშოს უგზავნიდა. 13 წლის რომ გახდა მობილური ტელეფონიც უყიდეს, თანაც მესამე თაობის!!! თანატოლები შენატროდნენ და გიოც სიამაყით ივსებოდა.
ბებო ყოველდღე აძლევდა ფულს, გიო კი გაკვეთილების ნაცვლად ინტერნეტკაფეში მიდიოდა და “ქაუნთერს” თამაშობდა. თამაშის წესების მიხედვით, რაც უფრო მეტ მოწინააღმდეგეს მოკლავდა, მით უფრო მეტ ქულას დააგროვებდა და მოიგებდა. მერე კომპიუტერიც უყიდეს და აქამდე თუ ხანდახან მაინც სწალობდა რამეს, ახლა ღამეებს ათენებდა თამაშის გამო.
ფიქრობდა, რომ ბედნიერი იყო. რაც მოუნდებოდა ყველაფერი ჰქონდა. მაგრამ ერთმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა. თავისმა თანატოლმა ნიკუშამ, აღფრთოვანებულმა უამბო, შაბათ-კვირას მე და მამა სათევზაოდ დავდივართ და ჩემი დაჭერილი თევზი დედასთან მიმაქვს ხოლმეო. მერე იმ სცენასაც შეესწრო ნიკუშას დედამისი რომ ეფერებოდა და მიხვდა: მას კიდევ რაღაც სჭირდებოდა, ის რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო და რასაც მარტო ბებია ვერ მისცემდა. მოიწყინა, გულჩათხრობილი გახდა.
მერე ვიღაცამ სკოლაში რაღაც წიგნები მოიტანა, გიოს თანატოლები აღფრთოვანებულები ყვებოდნენ შინაარსს და თვითონაც დაინტერესდა. ნაწარმოების სამივე ნაწილი სულ რაღაც ერთ თვეში წაიკითხა და ამის მერე მისი ცხოვრებაც შეიცვალა წიგნის მთავარი გმირი მისი იდეალი გახდა. ოცნებობდა მას დამსგავსებოდა და მასავით ეცხოვრა. დაბადების დღეზე ფული რომ აჩუქეს, წავიდა და დანა იყიდა. ახლა უკვე მობილურის ნაცვლად ამ ახალი შენაძენით იწონებდა თავს. თანატოლებში “მაყურებლის” როლი მოირგო და “საქმეების” გარჩევაც დაიწყო.
ბებო კვლავ ძველებურად ამაყობდა თავისი შვილიშვილით, თუმცა ამჩნევდა, რომ საყვარელი პატარა გიო ახლა უხეში და აგრესიული გახდა. ერთ დღეს კი ბებოს თავზე ცა ჩამოექცა: მისმა საყვარელმა შილიშვილმა “საქმის გარჩევისას” თავისი თანატოლი სასიკვდილოდ დაჭრა! გიომ გაქცევა ვერ მოახერხა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ამ დროს კი, როგორც გიოს ბებო ამბობდა, არაკაცი მამამისის გამო უცხოეთში გადახვეწილი დედა შვილისთვის გამოსაგზავნ ამანათს კრავდა და თვალცრემლიანი იმ დღეზე ოცნებობდა, როცა მშობლის სიყვარულს მოკლებულ შვილს გულში ჩაიკრავდა.

3 კომენტარი:

Sophie שרה Golden комментирует...

ძალიან მძიმე იყო, მაგრამ აბსოლუტურად რეალური, რადგან მე ვიცნობ ბევრ ასეთ "გიოს", მშობლები რომ გადახვეწილები ჰყავთ უცხოეთში, შვილები რომ მშივრები არ ჰყავდეთ. ღმერთმა ქნას, მალე დაუბრუნდნენ ოჯახებს, უდედო ბავშვი ძალიან ცოდოა.

ნინი комментирует...

სოფი, ეს ჩანახატი, ნოველა თუ რაც არის, რეალურ ამბავზე მაქვს აგებული. მარტო სახელებია შეცვლილი. "გიო" ჩემი ბიძაშვილის კლასელი და მეზობელია და "საქმეების გარჩევისას" თავისივე კლასელი და მეზობელი შემოაკვდა. ჩემ ბიძაშვილს ჩააკვდა ხელებში ის ბავშვი. :( ეს 2 წლის წინ მოხდა, იმ დროს, ძალიან რომ მოხშირდა არასრულწლოვანებს შორის მკლელობები. მოკლულის დედას მანამდე 2 შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა.ერთი შვილიღა დარჩა, პატარა გოგო :( საშინელი აბავი იყო, რომ მახსენდება გული მიწუხს :( ხო, კიდევ ერთი, რეალურ ცხოვრებაში "გიო" არ დაუჭერიათ, ბებომ გადამალა... ღმერთმა გვაშოროს ასეთი ტრაგედიები :(

Unknown комментирует...

რა მძიმე სურათი იყო.